ეროვნული ბანკი თავიდან ბოლომდე ივანიშვილის მმართველობის ქვეშაა მათი სათავეში მოსვლის შემდეგ - ასე ეხმაურება ფინანსისტი გია ბედინეიშვილი პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლევის საკითხს.

როგორც ბედინეიშვილმა რადიო „პალიტრასა" და „პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე" განაცხადა, ვეტოს დაძლევით „ოცნებამ" ეროვნულ ბანკში დარჩენილი მცირე დამოუკიდებლობაც აღმოფხვრა.

„ვეტოს დაძლევამ დინამიკა შეცვალა. რაღაც თვალსაზრისით „ქართულმა ოცნებამ" ძლიერი პოზიცია დაიჭირა პრეზიდენტის მიმართ. ვეტო დაძლეული აქვთ და შეუძლიათ მნიშვნელოვანი კონტროლი აიღონ ეროვნულ ბანკზე. პირველ ვიცეპრეზიდენტად გაამწესებენ მას, ვინც მოუნდებათ. შესაბამისად, პრეზიდენტის ფორმალური გავლენა პროცესზე ძალიან დასუსტდება, ფაქტობრივი გავლენა კი არც არასდროს ჰქონია. ეროვნული ბანკი თავიდან ბოლომდე ივანიშვილის მმართველობის ქვეშაა მათი სათავეში მოსვლის შემდეგ.

ახლა დარჩენილია პატარა დამოუკიდებლობის ხარისხი, რისი დამორჩილებაც ხდება. იმიტომაა კონფლიქტი ქვეყნის ორივე პრეზიდენტთან, რომელიც ივანიშვილმა ფაქტობრივად, დანიშნა. მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე, პრეზიდენტი ვერცერთი ვერ გახდებოდა", - აცხადებს ბედინეიშვილი.

მისივე შეფასებით, სებ-ის პრეზიდენტის მიმართ ახლა პოლიტიკური კამპანია მიმდინარეობს, ზოგადი უარყოფითი ფონის შესაქმნელად.

„უსაფუძვლოა ბრალდებები მესტვირიშვილის მიმართ, რომ ის უცხოური გავლენის აგენტია. რაც შეეხება, მის წინა ხელისუფლებაში მუშაობას, სააკაშვილის მთავრობაში მისი საქმიანობა არანაირად არ განსაზღვრავს იმას, რომ წინა ხელისუფლების მიმართ, რამე ტიპის ერთგულება აქვს. ეს პოლიტიკური განცხადებებია, რომელიც ფონის შექმნას ემსახურება. ახლა შეიძლება იყოს ეროვნულ ბანკში დამოუკიდებლობის პატარა ხარისხი, რაც ,,ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია. ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, მათ შორის კონკრეტული ადამიანის რეპუტაციის შელახვასაც არ ერიდებიან", - ამბობს ბედინეიშვილი.

შეგახსენებთ, „ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო თებერვალში დაადო.

„არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!" - ეწერა პრეზიდენტის განცხადებაში.

პარლამენტმა კი პრეზიდენტის ვეტო მიმდინარე კვირას დაძლია. „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესულმა ცვლილებებმა შემოიტანა „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება და, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, მას დააკისრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება.

bpn.ge