ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროქსელისა და მცირე ჰიდროელექტროსადგურების აღდგენის ხარჯები 155,2 მლნ დოლარს (16 მლრდ რუბლი) შეადგენს. ამის შესახებ დე-ფაქტო ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ „საზოგადოებრივი პალატის“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ახლა რესპუბლიკის ელექტრო ქსელი ავარიულია, ტექნიკური დანაკარგები 30%-ს აღწევს“.
კითხვაზე, როგორ გადაწყდება მომავალში მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხი, ნანბამ უპასუხა, რომ განიხილება რეგიონის გაზიფიცირების შესაძლებლობა.
როგორც მან აღნიშნა, ელექტროქსელის აღსადგენად 58,2 მლნ დოლარი (6 მლრდ რუბლი), საბჭოთა კავშირის პერიოდში მომუშავე 3 ჰიდროელექტროსადგურის აღდგენას კი 97 მლნ დოლარი (10 მლრდ რუბლი) დასჭირდება.
ცნობისთვის: 11 დეკემბერს, თბილისის დროით 4 საათისთვის აფხაზეთის მომარაგების ერთადერთმა სადგურმა, „ენგურჰესმა“ წყლის კრიტიკული დონის შედეგად მუშაობა შეაჩერა და ოკუპირებული რეგიონის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშა. მანამდე დე ფაქტო პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი, ვალერი ბგანბა აცხადებდა, რომ ენგურჰესის კაშხალში წყალი ავარიულ დონეზე იყო, რადგან შედინება დაბალია და წამში მხოლოდ 40 კუბური მეტრს შეადგენდა, ამიტომ ენგურჰესი შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაჩერებულიყო. „ჩერნომორენერგოს“ 5 დეკემბრის მონაცემებით, კაშხალში წყალი ზღვის დონიდან 410 მეტრზე ნაკლები იყო, რაც კრიტიკულზე დაბალი დონეა.
წყარო: bpn.ge