საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა აირჩიეს. სებ-ის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნათია თურნავამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მედიის კითხვაზე აქვს თუ არა მას ურთიერთობა ბიზნესმენებთან - უჩა მამაცაშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან, ნათია თურნავა განმარტავს, რომ მათ იცნობს, თუმცა “საქართველოში ნაცნობობა არ არის დანაშაული.” ნათია თურნავას განმარტებით, ვანო ჩხარტიშვილის ეკონომიკის მინისტრად ყოფნის პერიოდში ის მისი მოადგილე იყო, ხოლო უჩა მამაცაშვილთან ერთად მას საპარტნიორო ფონდის ერთ-ერთი აღმასრულებლის პოსტი ეკავა.

“არანაირი თანამშრომლობა, რომელიც ეწინააღმდეგება სებ-ის დამოუკიდებლობის პრინციპს, არ განხორციელებულა. ყველა ჩემი გადაწყვეტილება იქნება საჯარო და თქვენ, ისევე როგორც საზოგადოება, შეძლებთ, რომ იმსჯელოთ ვართ თუ არა ჩვენ ობიექტურები, თუ ვართ მიკერძოებულები. მინდა ვთქვა, რომ მე არ ვარ მარტო სებ-ის მენეჯმენტში, მთლიანი გუნდი რჩება და ასრულებს თავის მოვალეობებს, ვინაწილებთ პასუხისმგებლობებს, ყველანი ვართ გამჭვირვალე.

რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დატოვა თანამდებობა და წავიდა პოლიტიკიდან, მე პირადად მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. რაც შეეხება ბატონ ვანო ჩხარტიშვილს, ბატონ უჩა მამაცაშვილს, რასაკვირველია, მე მათ ვიცნობ და ერთ-ერთი მათგანი ჩემი ყოფილი მინისტრი იყო, ბატონ უჩა მამაცაშვილთან საპარტნიორო ფონდში ვიყავით მენეჯმენტში და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ნაცნობობა არ არის დანაშაული,”- განაცხადა ნათია თურნავამ.