მთავრობამ სსიპ-ებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს 2026 წლის განმავლობაში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომლების მაქსიმალური რაოდენობა განუსაზღვრა. შესაბამისი განკარგულებები, რომელსაც ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დადგენილი ლიმიტები სხვადასხვა უწყებისთვის განსხვავებულია - ყველაზე მაღალი რაოდენობა განსაზღვრულია თავდაცვის უწყებებისა და ჯანდაცვის სისტემისთვის, მათ შორის გადაუდებელი და პირველადი სამედიცინო დახმარების პროგრამებში, ხოლო შედარებით მცირე ზღვარი აქვს სასამართლოებს, პროკურატურასა და სხვა ადმინისტრაციულ სტრუქტურებს.

  • ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 56
  • ჯანდაცვის სამინისტრო - 205 (ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავებისა და მართვის პროგრამის ფარგლებში), 9 (სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროგრამა)
  • თავდაცვის სამინისტროსა და მის სსიპ-ებში - 3412
  • სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი - 210
  • სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს - 263 (სააგენტოს აპარატში); 476 (სოციალურად დაუცველი ოჯახების ფულადი დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში) და 1 (საგრანტო პროექტის - “საქართველოში სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერა Ultra Poor Graduation გზით“ ფარგლებში)
  • სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო - 310
  • სსიპ საქართველოს კონკურენციისა და მომხარებლის დაცვის სააგენტო - 10
  • სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - 39
  • სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემია - 68
  • სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური - 45
  • სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი - 90 (საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის პროგრამის ფარგლებში) და 5718 (პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში).
  • ააიპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი - “სოფლის ექიმი - პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად” – 2908
  • სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური - 22
  • სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო - 300 (მათ შორის, 20 ერთეულით - სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, ხოლო 280 ერთეულით - საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების - საკუთარი სახსრების ფარგლებში)
  • სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - 23 (დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში), 4 (სარეინტეგრაციო დახმარება საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის პროგრამის ფარგლებში), 15 (იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების სოციალური და საცხოვრებელი პირობების შექმნის პროგრამის ფარგლებში), 4 (საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში)
  • სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია - 39
  • სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო - 6
  • ააიპ ცენტრალური სისხლის დაწესებულება - 30
  • საკონსტიტუციო სასამართლო - 35
  • საქართველოს პროკურატურა - 168
  • უზენაესი სასამართლო - 88

მთავრობის განმარტებით, ეს რაოდენობები წარმოადგენს მაქსიმალურ ზღვარს, რომლის ფარგლებში უწყებებს წლის განმავლობაში შტატგარეშე თანამშრომლების აყვანა შეეძლებათ.

გადაწყვეტილება კანონმდებლობიდან გამომდინარე იქნა მიღებული, რომლის მიხედვითაც შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა მთავრობის თანხმობას საჭიროებს.

tvpirveli.ge