„მსოფლიო ბანკის 2030 წლის ოპტიმისტური სცენარით, შუა დერეფანში საქართველოს ტვირთვის მოძრაობა 52%-ით გაიზრდება“ -ამის შესახებ PMCG-ის ახალ კვლევაშია საუბარი.

PMCG-ის ანალიზით, საქართველოსთვის შუა კორიდორის გაძლიერება გააჩენს როგორც ქვეყნის სავაჭრო ბრუნვის გაზრდისა და სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციის, ასევე ცენტრალური აზიიდან მომავალი ტვირთის სატრანზიტო ჰაბად ქცევის შესაძლებლობას, რაც შესაბამისი მზაობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის.

„მსოფლიო ბანკმა ვაჭრობის მოდელის მეშვეობით შეიმუშავა პროგნოზი, თუ როგორი შეიძლება იყოს შუა კორიდორის სავაჭრო დატვირთვა 2030 წლისთვის, შუა კორიდორის ოპტიმიზაციის სცენარის შემთხვევაში. ეს სცენარი ეყრდნობა დაშვებებს, რომ შუა კორიდორის გავლით ტრანსპორტირების ხარჯები შემცირდება - შუა კორიდორის გასაძლიერებლად ამ ეტაპზე დაგეგმილი ყველა შეთანხმების, ინვესტიციისა თუ ინფრასტურქტურული პროექტის განხორციელების ხარჯზე და კორიდორს აღარ ექნება გამტარუნარიანობის შეზღუდვები.

ამ მოდელის მიხედვით, 2030 წლისთვის ყველა საჭირო გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შემთხვევაშიც კი, შუა კორიდორი ძირითადად რეგიონულ დერეფნად დარჩება. დერეფანში გამავალი ტვირთის მხოლოდ 40% იქნება სატრანზიტო დანიშნულების, ხოლო 60% კი - შუა კორიდორის ქვეყნების ტვირთი. აქედან: შუა კორიდორზე ყაზახეთის ტვირთის მოძრაობა 2030 წლისთვის, 2021 წელთან შედარებით, 186%-ით გაიზრდება და 6.2 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც შუა კორიდორის ტვირთბრუნვის 56%-ია. საქართველოს ტვირთვის მოძრაობა კი 52%-ით გაიზრდება და 0.9%-ს მიაღწევს.

ამგვარად, შუა კორიდორის განვითარებას დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. ეს კორიდორი საქართველოსა და ყაზახეთისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებისთვის, ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და სავაჭრო ბრუნვის ზრდის შესაძლებლობას შექმნის. ამავდროულად, საქართველოსთვის ამ კორიდორის განვითარება დამატებით გულისხმობს ცენტრალური აზიიდან მომავალი ტვირთისთვის სატრანზიტო ჰაბის შესრულების პოტენციალს. თუმცა, ამ შესაძლებლობების ასათვისებლად, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო.

ამგვარად, შუა კორიდორის განვითარებას დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. ეს კორიდორი საქართველოსა და ყაზახეთისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებისთვის, ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და სავაჭრო ბრუნვის ზრდის შესაძლებლობას შექმნის“,- წერია კვლევაში.

ე.წ. „შუა კორიდორი“, რომელიც მულტიმოდალური სახმელეთო და საზღვაო სატრანსპორტო მარშრუტია გადის ყაზახეთზე, კასპიის ზღვასა და აზერბაიჯანზე და საქართველოს გავლით - შავ ზღვამდე. მარშრუტი შედგება დაახლოებით 4250 კმ სარკინიგზო ხაზისგან და დაახლოებით 500 კმ საზღვაო ზოლისგან. შავი ზღვიდან შუა კორიდორის ორი გზა მიდის ევროპამდე - ერთია თურქეთზე გამავალი სახმელეთო გზა და მეორე- შავი ზღვის საზღვაო გზა. შუა კორიდორი აკავშირებს ჩინეთსა და ყაზახეთს სარკინიგზო გზით დოსტიკის ან ხორგოს/ალტინკოლის გავლით, კვეთს ყაზახეთს სარკინიგზო გზით აქტაუს პორტამდე, კვეთს კასპიის ზღვას ბაქოს/ალიათის პორტამდე და- აზერბაიჯანსა და საქართველოს სარკინიგზო გზით შავ ზღვამდე. საქართველოდან თურქეთამდეც შუა კორიდორს სარკინიგზო გზა აკავშირებს.