„ნუტრიმაქსი“ არ შედის იმ კომპანიების რიცხვში, რომლებსაც BAG ინდექსის მიხედვით მოთხოვნის შემცირება შეეხოთ. ამის შესახებ კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, ბექა ბექაიამ BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.
ბექა ბექაიას თქმით, „ნუტრიმაქსში“ მოთხოვნის შემცირება არ შეინიშნება, თუმცა ეს კონკრეტული კომპანიის გამოცდილებაა და სხვა სექტორებში ვითარება შესაძლოა განსხვავებული იყოს.
BAG ინდექსის მიხედვით, ბიზნესისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერებიც რჩება. ეს ფაქტორი გამოკითხული კომპანიების 53%-მა დაასახელა. ბექაიას თქმით, ამ მხრივ გამოწვევები „ნუტრიმაქსსაც“ აქვს.
„ერთ-ერთია გადატვირთული სასამართლო სისტემა. ჩვენ არ გვაქვს მასშტაბური სამართლებრივი დავები, რომლებიც კომპანიის საქმიანობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა, თუმცა მცირე დავების განხილვა ზოგჯერ სამი ან ოთხი წლის განმავლობაშიც კი ჭიანურდება.
ეს გვიჩენს მოლოდინს, რომ მომავალში უფრო სერიოზული დავის წარმოშობის შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ. სწორედ ამიტომ, კითხვარის შევსებისას ამ საკითხს ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რათა არსებული ვითარება გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.
ბექა ბექაიამ ასევე შეაფასა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, 2031 წლის ჩათვლით საქართველოს ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა 5.4% იქნება.
მისი თქმით, 5%-ზე მაღალი ზრდა ნორმალური მაჩვენებელია, თუმცა ბიზნესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ზრდის ტემპს, არამედ იმასაც, თუ რომელი სექტორები უზრუნველყოფენ მას.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სექტორების განვითარება, რომლებსაც ვემსახურებით – მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეთევზეობის.
დღეს ეს მიმართულებები მნიშვნელოვან მხარდაჭერას საჭიროებს. თუ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას თან ახლავს ხორცისა და თევზის წარმოების გაფართოებაც, ეს ჩვენნაირ კომპანიებზე პირდაპირ დადებითად აისახება. შესაბამისად, გადამწყვეტია, რომელი სექტორები შექმნიან ამ საშუალო ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ბექა ბექაიამ.