საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის ინფორმაციით, ხუდონჰესის მშენებლობით „საინტერესო ინვესტორია“ დაინტერესებული. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“განაცხადა, თუმცა ინვესტორის წარმომავლობა და ვინაობა არ დაუსახელებია. BMG-ის ინფორმაციით, ხუდონჰესის პროექტით დაინტერესებული ბიზნესჯგუფი საფრანგეთიდანაა.
შეგახსენებთ, მთავრობას ხუდონჰესის პროექტის ინვესტორი კომპანია "ტრანსელექტრიკისგან" გამოსყიდვა 13.5 მლნ დოლარი დაუჯდა. 2023 წელს, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებდა, რომ ხუდონჰესი შესაძლოა, ახალ ლოკაციაზე აშენდეს, რათა სოფელი არ დაიტბოროს. ხუდონჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში ენგურის ზედა ნაწილში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის და სხვა ნაგებობების მშენებლობას. მისი დადგმულ სიმძლავრე 702 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო. ინვესტიციად დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი სახელდებოდა. პროექტი ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკს" უნდა განეხორციელებინა.
GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობის საჭიროებაზე და განსაკუთრებით ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მსხვილი პროექტების [ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ნამახვანჰესი] მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საჭიროა, სახელმწიფომ მკაფიო პოზიცია ჩამოაყალიბოს.
- ვფიქრობ, უკვე დადგა დრო, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები და მშენებლობა სწორედ ხუდონჰესით დავიწყოთ. კარგად გვესმის, რომ სამივე მეგაპროექტის პარალელურად დაწყება ფიზიკურად შეუძლებელია - ამისთვის ქვეყანას, ელემენტარულად, მუშახელიც კი არ ეყოფა.
- თუმცა დიდი ჰესების სახელმწიფოს მიერ აშენებასა და შემდეგ გაყიდვაზე საუბარი 2022 წლიდან გვესმის - უკვე პატიმარი ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ამ ინიციატივით, თუმცა კონკრეტული არაფერი გაკეთებულა...
- მოდით, დავიწყოთ ხუდონით და ობიექტურად შევაფასოთ მოცემულობა...
- რატომ მაინცდამაინც ხუდონი - ამ პროექტის ჰორიზონტზე ინვესტორი უფრო მკაფიოდ ჩანს?
- რეალობა ასეთია: ENKA-სა და ნამახვანჰესის გარშემო არსებული ვითარება კვლავ კრიტიკულია - [ნამახვანჰესის ინვესტორმა საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო, თუმცა აღსრულება ჯერ არ დაწყებულა] და სანამ ეს პროცესი საბოლოოდ არ დასრულდება, იქ ახალ შესაძლებლობებზე საუბარი ზედმეტია. რაც შეეხება ნენსკრაჰესს, იქ ჯერ კიდევ ძველი ინვესტორი ფიგურირებს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ პროექტი სახელმწიფომ გადაიბაროს. აი, ხუდონთან მიმართებით კი რამდენიმე საინტერესო ვარიანტი არსებობს და ახლა ჯერი სახელმწიფოზეა: გადაწყვეტს საკუთარი რესურსებით მშენებლობას (რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ), თუ მოიწვევს ინვესტორს და მასთან პარტნიორობით განახორციელებს პროექტს. პირდაპირ გეტყვით - არ გამოვრიცხავ, რომ დღეს რიგში ძალიან საინტერესო ინვესტორი იდგეს, რომელიც მზად არის ხუდონში კაპიტალი დააბანდოს; სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს პოზიცია; დამოუკიდებლად ინვესტორის შემოსვლა, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ნამახვანჰესის შემთხვევაში ვნახეთ, შედარებით რთული იქნება...
- რამდენად აქტიურია ახლა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსა და ხუდონჰესით დაინტერესებულ ინვესტორს შორის - მერჩივნა, ეს კითხვა ეკონომიკის მინისტრისთვის დამესვა, მაგრამ რადგან ისინი ინტერვიუებზე არ გვთანხმდებიან, თქვენ კი დარგის ხმას წარმოადგენთ, გკითხავთ - რამდენად დამაკმაყოფილებელია მთავრობის მუშაობის ტემპი?
გეთანხმებით, მეც მირჩევნია, რომ ამაზე პასუხები ოფიციალური პირებისგან მოვისმინოთ. ჩვენ მხოლოდ არსებული მოცემულობის შეფასება შეგვიძლია. კერძო სექტორი ნათლად ხედავს მსხვილი ჰესების საჭიროებას, რადგან ენერგოსისტემას დაბალანსება სჭირდება. ჩვენი მიზანია, გვქონდეს რაც შეიძლება მეტი საკუთარი ელექტროენერგია.