IMF-მა საქართველოსთვის 40 მლნ დოლარიანი პროგრამის დამტკიცება გადადო. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა IMF-ის მისიასთან.

Fitch-ის ინფორმაციით, „სავალუტო ფონდის ბორდის მიერ ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვა, როგორც ჩანს, გადაიდო, რაც ნაწილობრივ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით უთანხმოებას უკავშირდება“. IMF-ის მისია ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს ჯერ კიდევ განხილვის დროს აკრიტიკებდა.

ეკონომისტი აკაკი ცომაია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ IMF-ის გადაწყვეტილება პროგრამის გადადების შესახებ დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციასა და საინვესტიციო გარემოს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება პროგრამის გადადების შესახებ დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციასა და საინვესტიციო გარემოს, გარდა ამისა ის უარყოფითი სიგნალი იქნება მსოფლიო ბანკისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის, აზიის განვითარების ბანკისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის.

ახლა საჭიროა ეროვნული ბანკის მოქმედმა ხელმძღვანელობამ და ხელისუფლებამ დაუსაბუთოს სავალუტო ფონდს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები არ აყენებს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ, ამის შემდეგ შესაძლოა, გადავადების გადაწყვეტილება შეიცვალოს და განხილვა მოხდეს, თუმცა ეს სცენარი ნაკლებად მოსალოდნელია. ფაქტია, ახლა გადავადებულია, ხოლო მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ როდესაც არ იცვლება არაფერი, გადავადების შემდგომი ნაბიჯი შეჩერებაა“, - აღნიშნავს აკაკი ცომაია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ გასული წლის ივნისში საქართველოს სამწლიანი პრევენციული მხარდამჭერი პროგრამა (Stand-By Arrangement) დაუმტკიცა, რომლის მოცულობაც 280 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. IMF-ის განმარტებით, პროგრამის ძირითადი ამოცანაა: ქვეყნის ფისკალური ბუფერების შევსება, ფისკალური ჩარჩო წესების გაძლიერება, საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირება, საფინანსო სექტორის მდგრადობის განმტკიცება და მაღალი და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია (სსფ) საქართველოში 27 აპრილიდან 11 მაისამდე იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი საქართველოში სავალუტო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის შეფასება იყო. მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარი გახდებოდა ხელმისაწვდომი. თუმცა, მსოფლიოს წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ, Fitch Ratings-მა, 14 ივლისს, ბოლო ანგარიშში დაწერა, რომ „როგორც ჩანს, მეორე მიმოხილვის დასრულება გადაიდო“.