გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ბადენის მეღვინეთა დელეგაცია ეწვია, რომელსაც გერმანელ ორგანულ მევენახე-მეღვინეთა ასოციაციის ECOVIN-ის წარმომადგენელი, პაულინ კიოპფერი ხელმძღვანელობდა.


სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, დელეგაციის წევრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და თანამედროვე მიდგომები, ასევე მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში განხორციელებული სამეცნიერო და საერთაშორისო პროექტები გააცნო.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანული და მდგრადი მევენახეობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. 


ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ჯიღაურას ბაზაზე არსებული სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და ქართული იშვიათი ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული კოლექცია დაათვალიერეს. დელეგაციის წევრები გაეცნენ ქართული ვაზის იშვიათ და უნიკალურ ჯიშებს, მათი შესწავლისა და შენარჩუნების მიმართულებებს.


სტუმრებმა მოინახულეს ვაზისა და ღვინის მუზეუმი, სადაც ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ექსპონატებია წარმოდგენილი.


ვიზიტის დასასრულს გაიმართა ჯიღაურას ბაზაზე გაშენებული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან წარმოებული ღვინოების დეგუსტაცია, რომელსაც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსი, დავით ჩიჩუა, ხელმძღვანელობდა.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს