ირანის გარშემო განვითარებული მოვლენები, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული დაძაბულობა, სუეცის არხის მიმართულებით გაზრდილი საფრთხეები და ნავთობის ფასების მორიგი ზრდა, შესაძლოა, საქართველოზეც აისახოს. მიუხედავად იმისა, რომ ირანი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი არ არის, ეკონომისტი და სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში გავლენა პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობებით აღარ განისაზღვრება.

მისი თქმით, ირანთან საქართველოს პირდაპირი სავაჭრო კავშირები შედარებით მცირეა, თუმცა რეგიონში შექმნილი ნებისმიერი კრიზისი საერთაშორისო ბაზრებზე გაურკვევლობას აჩენს, რაც საბოლოოდ ფასების ზრდაში აისახება.

„ირანთან ჩვენი ვაჭრობის წილი საკმაოდ მცირეა. თუ საგარეო ვაჭრობას შევხედავთ, ირანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის დაახლოებით ოცეულის ბოლოს არის, ხოლო ექსპორტის მიმართულებით კიდევ უფრო დაბალ პოზიციას იკავებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ირანში ან ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე პროცესები ჩვენზე გავლენას არ ახდენს.

საქმე ის არის, რომ მსგავსი კრიზისები ყოველთვის ქმნის გაურკვევლობის ფაქტორს. პრობლემა მხოლოდ საწვავის ფიზიკური დეფიციტი არ არის. ბაზრისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი არის მოლოდინი და რისკი. როდესაც იზრდება გაურკვევლობა, კომპანიები, იმპორტიორები და გადამზიდავები ცდილობენ საკუთარი რისკები წინასწარ დააზღვიონ. სწორედ ამიტომ ჩნდება ე.წ. უსაფრთხოების ბალიში, რომელიც საბოლოოდ პროდუქციის ღირებულებას ზრდის. რაც უფრო დიდი გაურკვევლობა, მით უფრო დიდია დანამატიც. სხვანაირად რომ ვთქვათ, გაურკვევლობის ფაქტორი ფასში ისახება “, – ამბობს სოსო არჩვაძე.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა იმდენად არის ინტეგრირებული საერთაშორისო ბაზრებთან, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებული კრიზისები, თუნდაც ქვეყანასთან პირდაპირი კავშირის გარეშე, ადგილობრივ ეკონომიკაზეც აისახება.

„დღეს გლობალიზაცია მხოლოდ ლამაზი ტერმინი აღარ არის – ეს ყოველდღიური ეკონომიკური რეალობაა. მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და ერთი რეგიონიდან დაწყებული პრობლემა ძალიან სწრაფად გადადის სხვა ბაზრებზეც. ამიტომ, თუ ახლო აღმოსავლეთში იზრდება დაძაბულობა, ეს აისახება ნავთობის ფასზე, გადაზიდვების ღირებულებაზე, სადაზღვევო ტარიფებზე და საბოლოოდ იმ პროდუქციის ფასზეც, რომელსაც საქართველოც მოიხმარს.

საქართველო მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა და არც მსგავსი კონფლიქტების მონაწილეა, მაგრამ ეს არ გვიცავს მათი ეკონომიკური შედეგებისგან. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ იზოლირებული იმ პროცესებისგან, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარეობს.

შეიძლება არც პირდაპირ ვიყოთ ჩართული ამ კონფლიქტებში და არც მათი მონაწილეები ვიყოთ, მაგრამ მსოფლიოში განვითარებული მოვლენები – იქნება ეს ომი, ენერგეტიკული კრიზისი თუ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებზე შექმნილი პრობლემები – საბოლოოდ ჩვენს ეკონომიკურ გარემოზეც აისახება.

სწორედ ამიტომ, ჰორმუზის სრუტესა თუ სუეცის არხთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკი მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის პრობლემა აღარ არის. ის გავლენას ახდენს მსოფლიო ვაჭრობაზე, ლოგისტიკაზე, გადაზიდვების ფასსა და ენერგომატარებლების ღირებულებაზე, ხოლო ეს ყველაფერი საბოლოოდ საქართველოშიც აღწევს“, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.

www.bpn.ge