ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს CFD აუქციონების ფარგლებში დადგენილი ტარიფების გადახედვისკენ მოუწოდებს. მათი შეფასებით, ბოლო წლებში ენერგოობიექტების მშენებლობის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც არსებული ტარიფებით პროექტების განხორციელება ინვესტორებისთვის შესაძლოა ეკონომიკურად ნაკლებად მიმზიდველი გახდეს.
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია „ბემონის“ მმართველი დირექტორის, გიორგი მირცხულავას განცხადებით, სხვადასხვა ტიპის გენერაციის ობიექტებისთვის CFD აუქციონებზე დაფიქსირებული საშუალო ტარიფები, რომლებიც დაახლოებით 5.5-6.6 ცენტის ფარგლებში მერყეობს, 20-25%-იან კორექტირებას საჭიროებს.
მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ენერგოობიექტების მშენებლობის თვითღირებულება საშუალოდ მინიმუმ 30%-ით გაიზარდა, ცალკეულ პროექტებში კი გაძვირება უფრო მაღალია.
მირცხულავას შეფასებით, თუ რამდენიმე წლის წინ ჰიდროელექტროსადგურის ერთი მეგავატი სიმძლავრის მშენებლობა დაახლოებით 1.2-1.5 მილიონი დოლარი ჯდებოდა, დღეს იგივე მაჩვენებელი შესაძლოა 2-2.5 მილიონ დოლარსაც აღწევდეს.
გაძვირებულია როგორც სამშენებლო მასალები და ტექნიკური სამუშაოები, ისე შრომითი რესურსი. მისი თქმით, ყველაზე დაბალკვალიფიციური მუშახელის ანაზღაურებაც კი ბოლო წლებში თითქმის გაორმაგდა. პროექტის საბოლოო ღირებულება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რეგიონზე, მშენებლობის სირთულესა და ინფრასტრუქტურულ პირობებზე.
არსებული ხელშეკრულებები ახალ ეკონომიკურ რეალობას აღარ შეესაბამება
სექტორის წარმომადგენლები პრობლემად იმასაც ასახელებენ, რომ დეველოპერების ნაწილს სახელმწიფოსთან უკვე გაფორმებული აქვს მემორანდუმები და ხელშეკრულებები, რომლებშიც ფიქსირებული ტარიფებია მითითებული.
ამ დოკუმენტების გაფორმების დროს განსაზღვრული ტარიფები მაშინდელ სამშენებლო ხარჯებსა და ეკონომიკურ პირობებს ეფუძნებოდა. ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ კი დეველოპერები პროექტების განხორციელებისას განსხვავებული ფინანსური რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ.
მირცხულავას განცხადებით, მშენებლობის გაძვირება ინვესტიციის დაბრუნების პერიოდს ახანგრძლივებს და კომპანიებს პროექტის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე დაფიქრებას აიძულებს.
„თუ პროექტი ეკონომიკურად გამიძვირდა და ინვესტიციის დაბრუნებას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ბუნებრივია, ინვესტორი დაფიქრდება, ღირს თუ არა პროექტის განხორციელება“, — აცხადებს მირცხულავა.
ტარიფების უცვლელობამ შესაძლოა ახალი პროექტები შეაფერხოს
ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, ტარიფების გადახედვის გარეშე შესაძლოა რიგი პროექტების განხორციელება გართულდეს ან გადაიდოს. ეს კი გავლენას მოახდენს არა მხოლოდ კერძო კომპანიებზე, არამედ ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზეც.
საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, ხოლო წლის გარკვეულ პერიოდებში ქვეყანა კვლავ იმპორტზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ახალი ჰიდრო, ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა ენერგოდამოუკიდებლობისა და ადგილობრივი გენერაციის ზრდისთვის მნიშვნელოვან პირობად განიხილება.
მირცხულავას თქმით, ენერგეტიკული პროექტები მხოლოდ კერძო ბიზნესის ინტერესს არ წარმოადგენს და მათი განხორციელება ქვეყნის სტრატეგიული მიზნებისთვისაც აუცილებელია.
მისი შეფასებით, სახელმწიფომ და დეველოპერებმა ერთობლივად უნდა განიხილონ არსებული პირობები და პროექტების პრიორიტეტულობის, მასშტაბისა და სირთულის მიხედვით ტარიფების კორექტირების შესაძლებლობა განსაზღვრონ.
მსხვილ პროექტებს შესაძლოა უფრო მაღალი ტარიფი დასჭირდეს
„ბემონის“ მმართველი დირექტორი მიიჩნევს, რომ CFD აუქციონებზე დადგენილი ტარიფები საშუალოდ 20-25%-ით უნდა გაიზარდოს. განსაკუთრებით მსხვილი და რთული პროექტების შემთხვევაში კი კორექტირება შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს.
მისი განცხადებით, ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მაღალი სამშენებლო ხარჯების გამო სტრატეგიულად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებზე მარტივად თქვას უარი.
სექტორის წარმომადგენლების პოზიციით, ტარიფების გადახედვამ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომლებიც, ერთი მხრივ, ინვესტორებისთვის პროექტების ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობა და ენერგოიმპორტზე დამოკიდებულების შემცირება დააჩქაროს.