ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტმა საქართველოში 187.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა 2022 წელს (+35.0% წ/წ), ხოლო ექსპორტმა 48.4 მლნ აშშ დოლარი (+57.9% წ/წ ძირითადად რეექსპორტის ხარჯზე). იმპორტი ძირითადად ბრაზილიიდან ხორციელდება, საიდანაც შემოდის გაყინული ფრინველისა და ღორის ხორცი. ინფორმაციას Galt&Taggart აქვეყნებს.
ხორცის მოხმარების ნახევარი ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, ხოლო დანარჩენი იმპორტით. ხორცის წარმოება 2017- 22 წლებში წლიურად საშუალოდ 2.8%-ით გაიზარდა და 74.6 მლნ კგ შეადგინა. შედეგად, ხორცის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 48%- დან 50%-ზე ავიდა. ხორცპროდუქტების შემთხვევაში, ადგილობრივი წარმოების წილი 2022 წელს 85%-ს შეადგენდა, რაც მცირედით ჩამორჩება 2017 წლის მაჩვენებელს (88%).
„ხორცის წარმოებაში მაღალია შინამეურნეობების წილი (40% 2022 წელს), რის გამოც სექტორი საკმაოდ სეგმენტირებული და დაბალ- მომგებიანია (ევროპულ კომპანიებთან შედარებით). ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელთა ჯამურმა შემოსავალმა დაახლოებით 1.5 მლრდ ლარი შეადგინა 2022 წელს, საიდანაც 531 მლნ ლარი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიების შემოსავალი იყო, ხოლო დანარჩენი (დაახლოებით 930 მლნ ლარი) ხორცის პირველადი წარმოების ღირებულება. საქართველოში ყველაზე განვითარებული ფრინველის ხორცის წარმოებაა, თუმცა აქაც მაღალია ზრდის პერსპექტივა შინამეურნეობების წილის შემცირების, იმპორტის ჩანაცვლებისა და მოხმარების ზრდის ხარჯზე“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.