ფასების შემცირება რომ გვინდა, ამას ობიექტური საფუძველი რომ აქვს, ეს ეჭვქვეშ ვერ დადგება ვერავის მხრიდან, მათ შორის, ვერც სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა და იყო პროდუქტიული.

“პირველი შეხვედრა, რაც შედგა ქსელებთან, ძალიან კონსტრუქციულად წარიმართა და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, ჩვენი მოტივი და მოტივაცია ესმით მათ ძალიან კარგად, ფასების შემცირება რომ გვინდა, ამას ობიექტური საფუძველი რომ აქვს, ეს ეჭვქვეშ ვერ დადგება ვერავის მხრიდან, მათ შორის, ვერც სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. შესაბამისად, შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, პროდუქტიული იყო, გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალება მოგვცა. საბოლოო ჯამში,  როცა ყველა შეხვედრა შედგება ამ 2 კვირის განმავლობაში, მერე უკვე გვექნება იმის საშუალებაც, რომ სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთობლივადაც შევიკრიბოთ იმისათვის, რომ შევაჯეროთ პოზიციები. სწრაფად წარიმართება ეს პროცესი. ჩვენ თვის ბოლომდე უკვე ვგეგმავთ ჩვენს ნაწილში ამ პროცესის დასრულებას, ვგულისხმობ შეხვედრებს, შემდეგ გაგრძელდება ანალიზი და უკვე თებერვლის დასაწყისიდან, როდესაც სესია დაიწყება პარლამენტში, იქაც წარიმართება შესაბამისი სამუშაო პროცესი კომისიის ფორმატში“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს