ფიქლის ნავთობის მწარმოებლებს ახალი საბურღი პროგრამების დასაწყებად მაღალი ფასების მინიმუმ ერთი წელი სჭირდებათ
აშშ-ის ფიქლის ნავთობის მწარმოებლები ვერ შეძლებენ წარმოების სწრაფად გაზრდას, რათა გაუმკლავდნენ კრიზისს რაც შეიძლება წარმოიშვას ირანში ომის შედეგად, – იუწყება Financial Times ინდუსტრიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
ფიქლის ინდუსტრიის ვეტერანი სკოტ შეფილდი მიიჩნევს, რომ მწარმოებლები ახალ ძვირადღირებულ ბურღვის პროგრამებს მანამ არ დაიწყებენ, სანამ ნავთობის ფასების სტაბილურობაში არ დარწმუნდებიან. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნავთობის დაბალი ფასების ფონზე, კომპანიებმა შეამცირეს ხარჯები, დახურეს საბურღი დანადგარები და გაათავისუფლეს ზოგიერთი მუშა, რამაც შეზღუდა მათი წარმოების გაზრდის შესაძლებლობა, განაცხადა შეფილდმა, რომელიც ხელმძღვანელობდა Pioneer Natural Resources-ს Exxon Mobil Corp-ის მიერ მის შეძენამდე.
„ნავთობის ფასების ზრდა კომპანიებს დამატებით ფულად ნაკადს აძლევს. მათ შეუძლიათ შეამცირონ ვალი, უკან გამოისყიდონ აქციები ან გადაიხადონ დივიდენდები. თუმცა, როგორც კი ომი დასრულდება, ფასები საკმაოდ სწრაფად დაუბრუნდება ნიშნულს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ კომპანიებს საბურღი ადგილები ეწურებათ“, - თქვა შეფილდმა.
„ჯერ ნაადრევია საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება. ჩემი აზრით, პერმის აუზის მწარმოებლებს 12 თვის განმავლობაში ბარელზე 75 დოლარის სტაბილური ფასი სჭირდებათ“, - განაცხადა დამოუკიდებელი კომპანია „ლატიგო პეტროლეუმის“ პრეზიდენტმა კირკ ედვარდსმა.
მან დასძინა, რომ ომის დასრულების შემდეგ ნავთობის ფასები კიდევ უფრო დაბლა დაეცემა, ვიდრე ადრე იყო.