დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, რომ სავაჭრო ქსელების ნაწილმა დისტრიბუტორებს ხელშეკრულებების კორექტირების მოთხოვნით მიმართა და გადასახადების მიმართულებით კვლავ ზრდა ფიქსირდება.

როგორც BMG-ის ასოციაციის თავმჯდომარემ, ლაშა რიჟამაძემ BMG-ის განუცხადა, იმ ფონზე, როდესაც პარლამენტში ფასების კომისიის ფარგლებში სურსათის ფასწარმოქმნის საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს, მარკეტების ნაწილმა მიმწოდებლებისგან უკვე მოითხოვა გაზრდილი გადასახადები.

“ამ ფონზეც, როდესაც მიმდინარეობს საპარლამენტო კომისიის განხილვები, უკვე დაიწყეს მარკეტებმა ხელშეკრულებების განახლების შესახებ კომპანიების ინფორმირება და კიდევ გაზრდილი არის “ქეშბექი”, ის გადახდის ვადები, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ტვირთი იქნება ისევ სადისტრიბუციო კომპანიებისთვის და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის და საბოლოოდ მომხმარებლისთვის. თუ ეს პირობები ამ ფორმით გაგრძელდა. დღეს რიგმა ქსელებმა უკვე მოითხოვეს გაზრდილი გადასახადები - ეს კიდევ აისახება ფასში.

2026 წლის ხელშეკრულებების განახლების პროცესი დაწყებულია და სამწუხაროდ, სადისტრიბუციო კომპანიებმა და ადგილობრივმა მწარმოებლებმა მიიღეს კიდევ უფრო გაზრდილი დაწესებული გადასახადი, იქნება ეს ე.წ. ქეშბექი თუ სხვა ნებისმიერი, რაც არსებობს ამ ურთიერთობაში.

ანუ იმ პრობლემებზე, რასაც სწავლობს საპარლამენტო კომისია და იქ შეხვედრებზე რა პრობლემებთან დაკავშირებითაც ახდენენ ადგილობრივი მწარმოებლები და სადისტრიბუციო კომპანიები მითითებას და რაც დაიდენტიფიცირდა თვითონ კომისიის მიერ, რომ “ქეშბექი”, ახალი მაღაზიის გახსნის საფასური, დაგვიანებით თანხის გადახდა, ანუ გრძელვადიანი გადახდები, ანუ ყველა ეს პირობა, რაზეც ეხლა მიდის მსჯელობა, მოდის უკვე კომპანიებთან შეტყობინება ამ პირობების კიდევ უფრო გაზრდაზე, გაუარესებაზე, რაც საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს ისევ ფასზე. და ნაცვლად იმ მიზნისა, რა მიზნისთვისაც ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს ურთიერთობა დარეგულირდეს, რაც საბოლოოდ დადებითად უნდა აისახოს ფასთან მიმართებაში, კიდევ უფრო მეტ წნეხად დააწვება ეს თითოეული გაზრდილი გადასახადი და აისახება ფასში”, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციაში კვლავ ამბობენ, რომ მიმწოდებლებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად გარკვეული მარეგულირებელი ჩარჩო უნდა შეიქმნას.

“გამოსავალი ალბათ არის პარტნიორული ურთიერთობა და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დაცვა და ის, რომ სამართლიანი ვაჭრობის პირობებში ეს ურთიერთობა იქნება სტაბილური და საბოლოოდ მომხმარებლისთვისაც ფასი ბევრად უფრო სტაბილური იქნება, ვიდრე დღეს. ანუ რეგულაცია აუცილებელია, იმიტომ რომ ბაზარი ვითარდება არასწორად, რაც საბოლოოდ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ფასზე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ რაღაც ისეთი უნდა მოვიგონოთ, რაც აპრობირებული არ არის - ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში არის აპრობირებული და მათ შორის არსებობს ევროკავშირის დირექტივაც, რომელიც ავალდებულებს ყველა წევრ ქვეყანას, მიიღონ ეს კანონი, რომ დაიცვან მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე სუბიექტების არაზომიერი ქმედებისგან მიმწოდებლები.

გამოსავალი არის რიგი გადასახადების აკრძალვა, რაღაც ჩარჩოში მოქცევა. ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ რითეილი ისე უნდა შეიზღუდოს, რომ მისი განვითარება საერთოდ ვერ მოხდეს, უბრალოდ აქ არის სამართლიანი სავაჭრო პირობების შესახებ კანონზე საუბარი, სადაც აკრძალულია რიგი ქმედებები, მათ შორის რიგი გადასახადები ან დაწესებულია ზღვრები და მათ შორის გადახდის ვადები, თუ რა ვადებში უნდა მოხდეს ამა თუ იმ პროდუქციაზე თანხის გადახდა. ანუ მალფუჭებად პროდუქციაზე შედარებით უფრო მალე უნდა მოხდეს ანგარიშსწორება და არა მაგალითად 60-70 დღეში, როგორც დღეს არსებობს დამახინჯებული პრაქტიკა”, - აღნიშნა ლაშა რიჟამაძემ.

bm.ge