ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ლარი მიემართებოდა ევროკავშირიდან საქართველოს ბიუჯეტში ფაქტობრივად, საჩუქრის სახით, რათა ქვეყანა უფრო მომზადებული, ეფექტიანი შეხვედროდა წევრობას. წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩავარდნა შემოსავლების ნაწილში სწორედ გრანტებში გვაქვს,- ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ხიშტოვანმა რადიო "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა.
მისივე განმარტებით, გრანტებიდან მიღებული შემოსავლები მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესზე. ასეულობით მილიონი ლარი, რომელიც წლების განმავლობაში ფაქტობრივად საჩუქრად მოდიოდა ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, წელს აღარ შემოვა.
,,ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ლარი მიემართებოდა ევროკავშირიდან საქართველოს ბიუჯეტში ფაქტობრივად, საჩუქრის სახით, რათა ქვეყანა უფრო მომზადებული, ეფექტიანი შეხვედროდა წევრობას. წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩავარდნა შემოსავლების ნაწილში სწორედ გრანტებში გვაქვს. მიზეზი ის არის, რომ „ქართლმა ოცნებამ“ უარი თქვა ამ პროცესზე, რასაც ეკონომიკაზე ეფექტები, რა თქმა უნდა, ექნება. მაგალითად, სურსათის უვნებლობა, წარმოების პროცესების გამართვა - ამ მიმართულებით მილიონობით ევრო გვაქვს ევროკავშირისგან მიღებული. ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ საქართველოში წარმოების პროცესების მოდერნიზება მომხდარიყო, რათა შემდეგ პროდუქცია ევროპის ბაზარზე შესულიყო. ასევე, ადგილობრივ მეწარმეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, აეღოთ შეღავათიანი სესხები. დღეს ეს მხარდაჭერა, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის და მათ შორის, სოფლად, ფაქტობრივად, შეჩერებულია. ვიცით, რომ სოფლის განვითარების სააგენტო ევროკავშირის ფონდების მნიშვნელოვანი ბენეფიციარი იყო და შემდეგ საკუთარი რესურსების დამატებით ახორციელებდა სოფლის მეურნეობის, ბიზნესის მოდერნიზებას",- ამბობს ხიშტოვანი.
ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირისგან საქართველო პირდაპირ ბენეფიტებს ვეღარ მიიღებს.
,,კანდიდატის სტატუსიდან საქართველოს მხოლოდ სახელიღა დარჩა და შეუქცევად პროცესად იქცა ევროპისგან დეზინტეგრაცია. ფაქტობრივად, ღიად გამოცხადდა, რომ კანდიდატი ქვეყნების ჯგუფის მხოლოდ დე ფაქტო წევრები ვართ. რეალურად პროცესი გაყინულია და შესაბამისად, პირდაპირი ბენეფიტები უკვე აღარ გვექნება. ვიცით, რომ ევროკავშირი პირდაპირ ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს, განსაკუთრებით - დაბალშემოსავლიან ეკონომიკებს, რათა ინტეგრაციის პროცესის პარალელურად, მოახდინონ თავიანთი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდა, მმართველობის სისტემის რეფორმა, საჯარო სამსახურის გაძლიერება და ამავდროულად, მოამზადონ ადგილობრივი ბიზნესი ევროკავშირის წევრობისთვის. ევროკავშირი - ეს არის ღია ეკონომიკური ზონა, ყველა ყველასთან პირდაპირ კონკურენციაშია და წევრობამდე მნიშვნელოვანი რესურსები ეძლევა კანდიდატ ქვეყნებს, რომ ეკონომიკურად მოძლიერდნენ და კონკურენტულები იყვნენ საერთო ევროპულ ბაზარზე. ჩათვალეთ, რომ აი, ყველა ეს ბენეფიტი დავკარგეთ",- ამბობს გიორგი ხიშტოვანი.