ენერგეტიკული ბირჟა მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მთავრობამ ის კიდევ ერთხელ, ამჯერად ერთი წლით გადადო. ეს რეფორმის დაწყების მეექვსე გადავადებაა, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1-ელ ივლისს უნდა დაეწყო.
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან და რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახლა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებისთვის გარკვეული რისკები არსებობს.
ენერგეტიკოსი გია არაბიძე ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადებას გონივრულს უწოდებს და ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ენერგოკრიზისზე მიუთითებს.
„ენერგეტიკული ბირჟა რომ არ ამოქმედდა, ამით ქვეყანა არ დაქცეულა, არც მანამდე გამოუწვევია მის არამოქმედებას პრობლემა. ვფიქრობ, რომ ჯობია ენერგეტიკული ბირჟა სრულყოფილად, გამართულად მივიყვანოთ ბოლომდე და ავამოქმედოთ, ვიდრე დავიწყოთ და ნამოხვანის მშენებლობასავით გავაჩეროთ.
არ არის ეს იოლი საქმე, ევროპის ქვეყნებს აქვთ ბირჟა თითქმის 30 წელია, მაგრამ ბოლომდე გამართული იქაც კი არ არის. ამაზე არავინ დავობს, რომ კარგი იქნება, რადგან სახელმწიფოს ჩარევა აღარ მოხდება. ვფიქრობ, ჩვენს ადგილობრივ ენერგოობიექტებს კვლავ სჭირდებათ გარკვეული ტრენინგების ჩატარება, რათა ახალ სისტემასთან იოლად ადაპტირება შეძლონ. ეს მარტივი საქმე ნამდვილად არ არის და ჯობია გვიან, თუმცა სრულფასოვნად ამუშავდეს.
ახლა რომ მკითხოთ რა ღირს ელექტრული ენერგია ვერ გეტყვით, რადგან ჩვენთან ელექტროენერგიის და გაზის ტარიფიც სუბსიდირებულია, ამიტომ ბირჟის შემთხვევაში ბაზარი ამასაც დაარეგულირებს. ბირჟის ამოქმედების შემდეგ, არის საშიშროება რომ ფასები გაიზარდოს. წარმოიდგინეთ ვითარება, როცა თბოელექტროსადგურები ამუშავდება და მათ არ ჰყოფნით ე.წ სოციალური გაზი და იძულებულნი გახდებიან კომერციულ ფასად ნაყიდი გაზით დაიწყონ ელექტროენერგიის გამომუშავება. ასე გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი ბუნებრივია ძალიან მაღალი იქნება და შემდეგ იმ ფასად ბირჟაზე გატანაც პრობლემა იქნება. პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩვენთან ეს სფერო სუბსიდირებულია, ამას კი ბირჟა ვერ მოითმენს“, — ამბობს გია არაბიძე.
ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა გულისხმობს თანამედროვე სავაჭრო მექანიზმების დანერგვას ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის პრინციპების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ ახალი ბაზრის მოდელით შეიცვლება ზოგიერთი მთავარი პრინციპი: თუ ახლა ელექტროენერგიით ვაჭრობა ხდება თვეში ერთხელ, ახალი ბაზრის პირობებში ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ყოველსაათობრივად განხორციელდება. ამასთან, ბაზრის მონაწილე თავად გააკონტროლებს, რა ოდენობის ელექტროენერგია გაყიდოს, ან რა ოდენობის შეიძინოს.