„კომერსანტი თემის“ ეთერში GREDA-ს პროექტის მენეჯერმა მატა გორდეზიანმა ენერგეტიკის 2025 წლის ტენდენციები შეაფასა. მისი თქმით, გასულ წელს, ენერგიაზე მოთხოვნა გაიზარდა, ხოლო წარმოება შემცირდა. ამ პროცესმა კი ენერგიის იმპორტის ზრდა განაპირობა.
მატა გორდეზიანის თქმით, ისეთი რაოდენობით ენერგიის იმპორტი უწევს საქართველოს, რომ არსებული ინფრასტრუქტურა ამ სიმძლავრეს, ფაქტობრივად, ვეღარ უძლებს.
“ჩვენი მოხმარება ელექტროენერგიის ყოველწლიურად მუდმივად იზრდება. ეს პროცესი, ბუნებრივია, გამოწვეულია ეკონომიკის განვითარებით, რაც პოზიტიური მიმართულებაა. თუმცა არსებობს რისკებიც, კერძოდ, ის, რომ ჩვენ გაზრდილ მოთხოვნას ვერ ვაწევთ ელექტროენერგიის გენერაციას. გასული წლის სტატისტიკამ დაგვანახა, რომ ელექტროენერგიის გენერაცია არა თუ დავაწიეთ მოხმარებას, არამედ, პირიქით შეგვიმცირდა. ამ ყველაფერს რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. ყველაზე მთავარია ის, რომ ჩვენთან ენერგიის გენერაცია უმეტესად დამოკიდებულია მდინარის მოდინებაზე მომუშავე ჰესებზე. ანუ ისეთ ჰესებზე, რომლებსაც აქვთ სეზონური გამომუშავება. იქიდან გამომდინარე რომ გასული წელი ჰიდროლოგიის კუთხით არ იყო უხვი, ამან გამოიწვია , ნაკლები წყალი მდინარეებში.
როდესაც რისკებზე ვსაუბრობთ, აქ ასევე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ გასულ წელს ჩვენ გავზარდეთ ენერგიის იმპორტი. შედეგად ჩვენ გვიწევს, რომ ათეულობით მილიონი გადავიხადოთ იმპორტში. მეორე მხრივ ეს პროცესი უფრო და უფრო გვხდის მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულს ტარიფის მხრივ, პოლიტიკური ფაქტორების მხრივ და ასე შემდეგ. გარდა ამისა ჩვენ უკვე იმხელა რაოდენობის ენერგიის იმპორტი განხორციელება გვიწევს, რომ ის ინფრასტრუქტურა, რაც ჩვენ გაგვაჩნია რომ ეს ელექტროენერგია შემოვიტანოთ, ფაქტობრივად ამ სიმძლავრეს ვეღარ უძლებს“, - აცხადებს მატა გორდეზიანი.