ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
კერძოდ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 8%-ზე მეტად და 6%-8%-ების ფარგლებში ფიქრობს. ამავდროულად, აპრილის თვეში მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებმაც 1 წლის შემდგომ ფასების ზრდა 2%-4%-თან ახლოს დააფიქსირეს.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, მარტთან შედარებით, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების მატებას 4%-6% და 6%-8%-ის ფარგლებში გაზრდას ელოდებიან. ამის საპირისპიროდ, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე საშუალოდ ფასების ზრდას2%-4%-იანფარგლებში ფიქრობენ.
„გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ცვლილების მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, მარტთან შედარებით დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების მატებას 6%-8%-იან ინტერვალსა და 8%-ზე მეტად მოიაზრებენ. მეორე მხრივ, გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 4%-6%-თან ახლოს ინტერვალში ფიქრობენ.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ცვლილებაზე შემცირებულია. დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10%-20%- ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ფიქრობენ. მეორე მხრივ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 0%-10%- იან ფარგლებში და 0%-თან ახლოს ვარაუდობენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სებ-ის გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა აზრით, აპრილში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) მარტთან შედარებით დაკლებულია.