„მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონით საქართველო შესადარის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
მისი თქმით, დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 მლრდ 900 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მაჩვენებლები დააზუსტა. დაზუსტების შედეგად 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 19%-ზე მეტად გაიზარდა, ხოლო ინვესტიციების მოცულობამ მილიარდ 900 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონით საქართველო შესადარის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი მოწინავეა და 2025 წლის მაჩვენებელი 5%-ს უტოლდება“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
ვახტანგ ცინცაძის თქმით, აქტიურ ფაზაშია გადასული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც ქვეყანაში დამატებით ახალ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ნიშნავს.
„ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რათა უზრუნველვყოთ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტიციების კუთხით მაღალი აქტივობა ქვეყანაში. ასევე, უზრუნველვყოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში დამატებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.