რუსეთი ფარულად აშენებს დრონების გამშვებ ბაზებს, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, ნატო-ს ქვეყნებს დაარტყას. ამის შესახებ სტატიას The Telegraph-ი აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, რუსეთი ზოგიერთ მათგანს უკვე იყენებს უკრაინაზე თავდასხმისთვის.
ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სულ საუბარია 10 ბაზაზე, საიდანაც შვიდი უკვე გამოიყენება უკრაინაზე თავდასხმისთვის. ამავდროულად, მათი მდებარეობა მათ ნატო-სთვის გრძელვადიან საფრთხედ აქცევს.
The Telegraph-ი წერს, რომ ზოგიერთი ბაზიდან დრონებს ფრენა გაცილებით უფრო შორსაც შეუძლიათ და მათ შესაძლებლობა აქვთ, ისეთი ქალაქებიც კი დაბომბონ, როგორიც ვარშავაა.
ამასთან, ევროპული ქვეყნებისა და შეერთებული შტატების დაზვერვის თანახმად, რუსეთს შეუძლია პოლონეთის წინააღმდეგ შეიარაღებული პროვოკაციის მოწყობა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღება ან „ყალბი დროშისქვეშ შეტევის“ მოწყობა და ამაში უკრაინის დადანაშაულება.
მოპოვებული დოკუმენტებისა და თანამგზავრული ფოტოების საფუძველზე, The Telegraph-მა აღმოაჩინა, რომ რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის საზღვრებთან ახლოს დრონების გასაშვებად, სულ მცირე, 59 ახალი სარკინიგზო „ასაფრენი ბილიკი“ დააფიქსირა. ზოგიერთ ადგილას ახალი ასაფრენი ბილიკების მშენებლობა კვლავ მიმდინარეობს.
„ფოტომასალამ აჩვენა ამ მაღალტექნოლოგიური დრონების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. ერთ-ერთ ბაზაზე საკმარისი საცავი სივრცეა იმისთვის, რომ იქ ერთდროულად 1 000-ზე მეტი დრონი იყოს განთავსებული. რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტზე კი დამატებითი გამშვები რელსების მშენებლობა მიმდინარეობს, რაც მიუთითებს მოსკოვის ამბიციაზე, დრონებისგან მომდინარე საფრთხე გაზარდოს“, – აღნიშნულია სტატიაში.