ბრიტანული ნავთობკომპანია BP 1 ივლისიდან ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის მართვას SOCAR-ს გადასცემს. ამის შესახებ BP-ის რეგიონულმა პრეზიდენტმა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საკითხებში, ჯოვანი კრისტოფოლიმ განაცხადა.

მისი თქმით, პროცესი მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების ფარგლებში მიმდინარეობს.

„ჩვენ წარმატებით მივიწევთ 1 ივლისისთვის განსაზღვრული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისკენ და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა კრისტოფოლიმ.

BP-ის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კომპანიის მიერ პროექტის დატოვებას არ ნიშნავს.

„ეს მხოლოდ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაა. SOCAR-ს აქვს საკმარისი გამოცდილება და შესაძლებლობები, რათა მილსადენი წარმატებით მართოს. გარდამავალი პროცესის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, – თქვა მან.

ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენი 2006 წელს ამოქმედდა და კასპიის ზღვის აზერბაიჯანული საბადოებიდან მოპოვებული ნავთობის თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პორტ ჯეიჰანამდე ტრანსპორტირების მთავარი მარშრუტია. მილსადენის სიგრძე დაახლოებით 1 768 კილომეტრია და ის აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებზე გადის.

BP პროექტის ოპერატორია მისი ამოქმედების დღიდან. BTC საერთაშორისო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტად ითვლება, რადგან კასპიის რეგიონის ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე გატანის შესაძლებლობას იძლევა რუსეთისა და ირანის ტერიტორიების გვერდის ავლით. SOCAR კი პროექტის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერია და ბოლო წლებში ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში თავისი როლის გაძლიერებას ცდილობს.

www.gbc.ge