აზერბაიჯანი, 2023 წლის ბოლოს, უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გეგმავს გაზის მიწოდებას, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჟურნალისტებს სოფიაში განუცხადა.

„დღეს აზერბაიჯანული გაზი ექსპორტირებულია საქართველოში, თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, იტალიაში, მიმდინარე წლიდან კი რუმინეთში. მიმდინარე წლის ბოლომდე, ყველა საჭირო ინტერკონექტორის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ვგეგმავთ გაზის მიწოდებას უნგრეთსა და სლოვაკეთში“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, აზერბაიჯანი აგრძელებს მოლაპარაკებებს ალბანეთთან ადგილობრივი გაზის განაწილების სისტემის მშენებლობაზე, ასევე სლოვაკეთთან, როგორც სოლიდარობის რგოლის წევრთან.

„ჩვენ გავზრდით გაზის მიწოდების გეოგრაფიას ექვსიდან მინიმუმ ათ ქვეყნამდე და გავაფართოებთ ჩვენ ყოფნას ევროპის გაზის ბაზარზე", - განაცხადა ალიევმა.

მან გაიხსენა, რომ 2021 წელს აზერბაიჯანმა ევროპას 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. 2023 წელს დასახული იყო მიზანი, რომ ეს მაჩვენებელი 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდილიყო, ხოლო 2027 წლისთვის - 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

„წელს 24,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტია დაგეგმილი. გაზის მოპოვება და ექსპორტის მოცულობა გაიზრდება, რადგან ჩვენ გავზრდით წარმოებას არსებულ გაზის საბადოებზე უახლოეს წლებში. ჩვენ ასევე ველოდებით ახალ საბადოებზე გაზის მოპოვების დაწყებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.