აშშ-სა და ევროკავშირს შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე სავაჭრო დაპირისპირება დასრულდა - მხარეებმა შეთანხმების ჩარჩოზე შეთანხმებას მიაღწიეს.

დოკუმენტის მიხედვით, შეერთებული შტატები დააწესებს ფიქსირებულ 15%-იან საბაჟო ტარიფს ევროპულ საქონელზე, მათ შორის ავტომობილებზე, ფარმაცევტულ პრეპარატებზე, ნახევარგამტარებსა და ხეზე.

ამით აშშ ამცირებს მოქმედ 27,5%-იან ტარიფს ევროკავშირიდან შემოსულ ავტომობილებსა და მათ ნაწილებზე. შეღავათი ევროპელი ავტომწარმოებლებისთვის ძალაში მაშინვე შევა, როგორც კი ბრიუსელი საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს შეიტანს.

ტარიფული შეღავათების გარდა, ევროკავშირი ადასტურებს მზადყოფნას შეიძინოს ამერიკული გაზი, ნავთობი და ბირთვული საწვავი $750 მილიარდის მოცულობით, ასევე შეიძინოს ხელოვნური ინტელექტის ჩიპები $40 მილიარდად.

ევროპული კომპანიები ვალდებულებას იღებენ 2028 წლამდე კიდევ $600 მილიარდის ინვესტიციის განხორციელებაზე აშშ-ის სტრატეგიულ დარგებში.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ იმუშაონ ციფრული ვაჭრობის ბარიერების აღმოფხვრაზე და საქონლის წარმოშობის წესების შეთანხმებაზე, აგრეთვე განიხილონ ერთობლივი ქმედებები ფოლადისა და ალუმინის ბაზარზე, რათა თავიდან აიცილონ ზედმეტი საწრმოო სიმძლავრეები და ერთდროულად უზრუნველყონ მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა.