„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის დამფუძნებელმა პაატა ბაირახტარმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. როგორც პაატა ბაირახტარი აცხადებს, არსებობს რამდენიმე ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ კომისიის მუშაობა ფასადურია.
„სურსათის კომისია რომ ფარსია და მისი საქმიანობა ფასადურ სახეს ატარებს, მე არაერთხელ მითქვამს. უბრალოდ, ახლა, მუშაობის მიწურულს, ეს თავადაც დაადასტურეს რამდენიმე ფაქტით.
პირველი არის ის, რომ როდესაც კომისიამ მუშაობა დაიწყო, იქადნიდნენ, თითქოსდა ფასებს შეამცირებდნენ. როდესაც კომისიის მუშაობის პროცესში სურსათზე ფასები 7-8%-ით გაიზარდა, ახლა ნარატივი შეცვალეს და ამბობენ, თითქოს ეს კომისია მხოლოდ იმიტომ შექმნეს, რომ რეკომენდაციები მოემზადებინა.
მთავრობის მეორე აღიარება ამ კომისიის ფასადურობასთან დაკავშირებით გახლავთ ის, რომ წინა დღეს პრემიერმა გააკეთა განცხადება — ნავთობის ფასების მატება საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის ბრალიაო, ხოლო მეორე დღეს მენავთობეები დაიბარეს კომისიაზე: გვითხარით, რატომაა ამხელა ფასებიო.
მესამე აღიარება კი, ცხადია, გახლავთ ის, რაც ერთ-ერთმა სამთავრობო მედიამ გააკეთა — ევროპაში არსებული ფასები საქართველოში არსებულ ფასებს შეადარეს პირდაპირი გადაანგარიშებით, რაც პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ არასწორია და ასე არ ითვლება ფასები“.- აცხადებს პაატა ბაირახტარი.