რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი რიგი სანქციების მოხსნის სანაცვლოდ შეიძლება წამოწიოს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Bloomberg-თან ინტერვიუში გააკეთა.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ რუსები SWIFT-ის სანქციების გაუქმების საკითხს აყენებენ.

“ვფიქრობ, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი გარკვეული საწარმოების წინააღმდეგ სანქციების მოხსნის სანაცვლოდ შეიძლება წამოწიოს. ვიცი, რომ SWIFT-ის სანქციების გაუქმების საკითხს აყენებენ, რათა მათმა ბანკებმა მუშაობა შეძლონ. უკრაინისთვის ეს ყველაფერი დიდი რისკია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ, ასევე, აღნიშნა, რომ კრემლს ერთდღიანი ან რამდენიმედღიანი ცეცხლის შეწყვეტა იმის გამო სურს, რათა 9 მაისის აღლუმი უკრაინის შესაძლო თავდასხმებისგან დაიცვას.

“უნდათ, რომ აღლუმი მშვიდად ჩატარდეს რამდენიმე საათის განმავლობაში და მერე განაახლონ თავდასხმები. არ გვინდა, რომ რაიმე ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ტაქტიკური ტყუილი გახდეს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

წყარო: ipn.ge