„პორტო გუმათი“ გლემპინგის გამორჩეული სივრცეა საქართველოში, რომელიც ქუთაისთან ახლოს, სოფელ გუმათში მდებარეობს.

რიონის პირას, გორაზე შეფენილი, 10 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კოტეჯი აქტიური დასვენების მოყვარულებს უკვე მეორე წელია მასპინძლობს.

ამ გამორჩეული სივრცის შექმნის იდეა სამ ქუთაისელ მეგობარს ეკუთვნის და ბიზნეს მოდელი სწორედ ქუთაისის ტურისტული მნიშვნელობის გაზრდას დაეფუძნა.

ინვესტიციამ კერძო დანახარჯებთან და ENPARD-ის პროგრამის გრანტთან ერთად ჯამში დაახლოებით 900 000 ლარი შეადგინა

როგორც „პორტო გუმათის“ დამფუძნებელმა მერაბ გოგონაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, იდეა მდინარე რიონის პირას არსებული ბუნებიდან წამოვიდა.

„პორტო გუმათის“ დაარსების იდეა ერთი მხრივ თავად რიონის პირას არსებულმა ბუნებამ გვიკარნახა, მეორე მხრივ კი იმან, რომ ქუთაისში  ტურისტული ატრაქციები გამოწვევაა. აეროპორტის დამსახურებით ქალაქში უამრავი ვიზიტორი ხვდება. უმეტეს შემთხვევაში ისინი ქუთაისში, ერთი ღამით, პრომეთესა და მარტვილის კანიონების სანახავად რჩებოდნენ. ჩვენ კი ისეთი სივრცე გვინდოდა შეგვექმნა, რომელიც ქუთაისს უფრო მიმზიდველს გახდიდა.

ვიფიქრეთ, რომ რიონის პირას არსებული ფერდობი, ამ ტიპის კოტეჯებისთვის საუკეთესო ადგილი იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა. პირველი კოტეჯიდან სამანქანო გზამდე 100 მეტრის დაშორებაა. შესაბამისად, მანქანასაც კი ვერ ხედავს ადამიანი. სტუმრები ფაქტობრივად, ვერც კი გრძნობენ ქალაქთან სიახლოვეს.

აქ იღვიძებთ ტყეში, სუფთა ჰაერზე, ჩიტების ჭიკჭიკში. დიდი ტერასები საშუალებას იძლევა დატკბე ულამაზესი ხედებით. ამიტომ გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩვენს კოტეჯს აქვს კარი სამოთხეში“, - აღნიშნავს მერაბ გოგონაძე.

„პორტო გუმათში“ ლამაზ ბუნებაში ღამის გათევის გარდა ვიზიტორებს არაერთ საინტერესო სერვისს სთავაზობენ.

„მე და ჩემი მეგობრები გახლდით პირველები, ვინც იმერეთში გლემპინგის მიმართულება ასე მასშტაბურად განვავითარეთ. გვაქვს აუზი და  საუნა, ნავითა და კატერით მდინარეზე გასეირნების სერვისი, საცხენოსნო თუ საფეხმავლო ტურები. გლემპინგის საკუთრებაშია 5 ნავი და ერთი კატერი, გვაქვს რა თქმა უნდა, შესაბამისი ინვენტარიც.

ვიზიტორებს შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში მოაწყონ სალაშქრო ტური და ჩვენი ჭიშკრიდან 35 წუთში მივიდნენ სათაფლიას გამოქვაბულთან, ან ჩანჩქერთან, რომელიც იქვე მდებარეობს. თევზაობის მოყვარულებისთვის გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა. ვაწყობთ ჩაის დეგუსტაციის ტურებს ახლომდებარე საწარმოში, რომელიც ესტონელმა და ლატვიელმა ინვესტორებმა გახსნეს.

ვფიქრობთ დროის საინტერესოდ და მხიარულად გასატარებლად „პორტო გუმათში“ ნამდვილად ბევრი საშუალებაა“, - აცხადებს დამფუძნებელი.

მისი თქმით, გლემპინგის საფასო პოლიტიკა ყველა სეგმენტის სტუმარზეა გათვლილი და კოტეჯში ერთი ღამის გატარება 100-დან 350 ლარამდე ღირს. 10 კოტეჯს ერთდროულად 22 სტუმრის მიღება შეუძლია.

„პორტო გუმათის“ სტუმრების სიაში ხშირად არიან უცხოელი დამსვენებლები, განსაკუთრებით არაბული ქვეყნებიდან, რასაც ხელს უწყობს ფრენების სიხშირეს. ამავდროულად ვიზიტორების რიცხვში მრავლად არიან თავად ქუთაისელებიც, რომლებიც დღის განმავლობაში დროის გატარების გარდა, ადგილზე ღამის გასათევადაც დიდი სიამოვნებით რჩებიან.

„დამსვენებლების სტატისტიკაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან გასულ წელს დავიწყეთ. ეს ზაფხული იქნება რეალური მოთხოვნის მაჩვენებელი. იმედი გვაქვს ბევრი ვიზიტორი გვეყოლება,“ - ამბობს მერაბ გოგონაძე.

რაც შეეხება სამზარეულოს, დამფუძნებლის თქმით, სტუმრებს „პორტო გუმათში“ საშუალება აქვთ დააგემოვნონ უგემრიელესი კერძები ქართული და ევროპული სამზარეულოდან. ამ მხრივ დაგეგმილია საინტერესო თანამშრომლობა ქუთაისის ერთ-ერთ ცნობილ კვების ობიექტთან, რის შესახებაც დამსვენებლებისთვის ივნისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

„პორტო გუმათის“ წარმომადგენლების თქმით, რიონის პირას, სიმწვანეში ჩაფლულ კოტეჯებში დასვენება კიდევ უფრო აქტიური და სახალისო იქნება ზაფხულში. ადგილზე მოეწყობა მცირე ჯგუფებისთვის უცხოენოვანი ბანაკები, მუსიკალური საღამოები, ღვინის გამოფენები, ღია ტერასები კი სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებით დაიტვირთება.