„სანამ ყურუთის ბრენდს დავაფუძნებდი წალკაში რძის პროდუქტების ლიცენზირებული საწარმო გვქონდა და გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ ბევრი ნადუღი გამოგვდიოდა გადავწყვიტე რომ ტრადიციული კერძი აღმედგინა“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ბრენდ ყურუთის დამფუძნებელმა ქეთი ბოლქვაძემ უთხრა. მისი თქმით ყურუთზე ფიქრი კოვიდ პანდემიის დროს დაიწყო და უკვე 3-4 თვეა, რაც პროდუქტით ქართულ ბაზარზე გამოჩნდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდი რაოდენობის ნადუღი გვქონდა გადავწყვიტე ყურუთის ტრადიცია გამეცოცხლებინა, სულ ვაკვირდებოდი თუ როგორ აკეთებდა ბებია ყურუთს, კოვიდ პანდემიის დროს დაახლოებით ორი წლის მანძილზე ვტესტავდი , მაგალითად შეძლებდა თუ არა ათი თვის მანძილზე  საყინულეში შენახვას და ა.შ.

დაახლოებით 3-4 თვეა რაც ყურუთით ქართულ ბაზარზე ვართ წარმოდგენილები, ჩვენ ეკომიგრანტები ვართ აჭარიდან და წალკაში ვართ ჩასახლებულები, აჭარლებმა ეს კერძი კარგად ვიცით , თუმცა თბილისში ცოტა უცხოა.“ - აღნიშნა ქეთი ბოლქვაძემ.

ყურუთი ყველეულის სახეობა, რომელიც ნადუღისგან, ნაღებისგან ან კაიმაღისგან  და მჭადის ფქვილისგან მზადდება, შემდეგ ბუნებრივ პირობებში 10-15 დღის განმავლობაში მზეზე გაშრობა სჭირდება, თუმცა როგორც ქეთი ბოლქვაძე განმარტავს ყურუთის გაშრობა არც შუა დღეზე და ძლიერ მზეში შეიძლება რადგან ცხიმი დონბას იწყებს, ქეთი ბოლქვაძე ასევე აღნიშნავს, რომ ყურუთის აპარატში გაშრობაც შესაძლებელია. ქეთი ბოლქვაძე ასევე აღნიშნავს, რომ აპარატის  შესაძენად 5000-8000 ლარამდე ინვესტიციაა საჭირო, რისი საშუალებაც მცირე საწარმოს არ აქვს.

„მაგალითად წალკაში ისეთი პირობებია, რომ თუ მე საშრობი აპარატი არ მექნება ოქტომბრის შემდეგ ყურუთს  ვეღარ გავაშრობ. ამ ეტაპისთვის მზეზე ვაშრობ მთელი შეფუთვებით და ვცდილობ, რომ სისუფთავე დავიცვა. პარალელურად ვმუშაობ ლიცენზიაზე, როგორც ყველზე მაქვს ლიცენზია მოპოვებული ასევე მინდა ყურუთზეც.  სურსათის უვნებლობას ვაჩვენე, თუმცა არ იციან ეს პროდუქტი და ამჟამად ლაბორატორიაშია გაგზავნილი.

ამჟამად ყურუთი ჩემი საწარმოს პროდუქტებთან ერთად შემაქვს მაღაზიაში, დაინტერესება საკმაოდ მაღალია, ასევე  შევედი რესტორნებში  თავიდან 2-2 ცალი შევიტანე , დამირეკეს და 15 შემიკვეთეს თუმცა თუ აპარატი არ შევიძინე ამ რაოდენობას ვერ გავქაჩავ.ახლახან ყველის ფესტივალი ჩატარდა იქაც  წარვადგინე, თუმცა გამშრალი სახით გატანა ვერ მოვახერხე, რადგან გაშრობა ვერ მოასწრო და გაუმშრალმაც დაიმსახურა მოწონება.“ - აღნიშნა ქეთი ბოლქვაძემ.

რაც  შეეხება  ინვესტიციას,  ქეთი ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ ყველის საწარმოც და ყურუთის  წარმოებაც საკუთარი სახსრებით წამოიწყო, რადგან დაფინანსების მიღება ვერ მოახერხა

„სამწუხაროდ საწარმოც ისე გავაკეთეთ, რომ დაფინანსება ერთი თეთრიც არ მიგვიღია ,,  ახლა ყურუთისთვის მჭირდება მაგიდები და საშრობი აპარატი. ვცდილობ რომ სადმე  რამე გრანტია შესახებ მოვიძიო ინფორმაცია, იქნებ დააფინანსონ. ყოველთვის მესმის, რომ ინოვაციურ იდეას აფინანსებენ, მაგრამ ჩემზე რომ მიდგება საქმე არ ექვემდებარება დაფინანსებას, იქნებ სამომავლოდ მოვიპოვო რამე“ - აღნიშნა ქეთი ბოლქვაძემ.