მსუბუქი ავტომობილები რუსეთის ფედერაციაში რიგით მესამე საექსპორტო საქონელია და მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოდან რუსეთში  გასულია 2943 ავტომობილი, რომელთა ჯამური ღირებულებაც 41 მილიონი დოლარია. ექსპორტი წლიურად 458%-ით არის გაზრდილი.

ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სექტორების დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებს და რუსეთის ფედერაციაში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტსაც კრძალავს. არსებული ინფორმაციით, თუკი აქამდე მოქმედი შეზღუდვით რუსეთში 50,000 ევროზე ძვირად ღირებული ავტომობილების გატანა იზღუდებოდა, სანქციების მე-11 პაკეტით მას 1.9 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების ექსპორტის შეზღუდვაც დაემატა. თბილისში ვიზიტად მყოფმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დეივიდ ო’სალივანმა რუსეთში ავტომობილების ექსპორტის შესახებ დასმულ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლად ჩაითვლება ფაქტები თუ საქართველოს მოქალაქე ევროკავშირში შეძენილ ავტომობილს რუსეთში გაყიდის.

რა გავლენას იქონიებს სანქციების ახალი პაკეტი საქართველოდან რუსეთში ავტომობილების რეექსპორტზე და შეჩერდება თუ არა რუსეთში ავტომობილების გატანა?

სექტორში მიმდინარე პროცესებზე და სამომავლოდ სანქციების გავლენებზე „კომერსანტის“ ეთერში ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელმა ისაუბრა. ასოციაციის ხელმძღვანელი მნიშვნელოვან უწოდებს იმპორტიორებსა და სახელმწიფოს შორის ინფორმაციის  უფრო აქტიურ გაცვლას სანქციებთან დაკავშირებით.  მისი თქმით, სექტორისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთის სანქციების ქვეშ არ მოექცნენ.

„ჩვენ ბიზნესს რუსეთის ბაზარზე გათვლა არასდროს ჰქონია, პირიქით ჩვენ პარტნიორებად განვიხილავთ დასავლეთს, ევროპას, აქედან ვახდენთ ავტომობილის იმპორტირებას, ხოლო შემდგომ გაგვყავს ან შუა აზიის ქვეყნებში, ან აზერბაიჯანსა და უკრაინაში. რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, ციფრები გვიჩვენებს, რომ გაზრდილია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ან რუსეთის ბაზარზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული, რომ ან მათთან ვივაჭროთ, ან ექსპორტის მნიშვნელოვანი ციფრი იყოს ეს.

ჩვენთვის რაღაც ბუნდოვანება რჩება, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ქართველმა იმპორტიორს არ ჰქონდა ინფორმაცია და ავტომობილი გაყიდა პირობითად, ყაზახეთის მოქალაქეზე, რომელმაც ეს ავტომობილი გაყიდა რუსეთში, ამის შემდეგ ვსანქცირდებით ჩვენ? ქართველი ავტოიმპორტიორები, იმის გამო, რომ არ გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია? აქ უკვე ვხედავ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის აუცილებლობას. ამის გამო თუ ქართველ ავტოიმპორტიორებს სანქციები შეეხება, დაზარალდება არა მხოლოდ იმპორტიორი, ასევე საქართველოს ბიუჯეტიც და ჩავთვალოთ რომ  მოკვდება ეს სექტორი, იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ დამოკიდებული ვართ დასავლეთზე.  ვერც კერძო ავტოდილერი და ვერც ასოციაცია, ვერ გააკონტროლებს სანქციების თემას, არ აქვს რესურსი, უნდა გააკონტროლოს სახელმწიფომ,“- მისი თქმით, შეზღუდვის მხრივ ზარალის შედარებაც კი არ შეიძლება სანქციებში მოხვედრის ზარალთან, რადგან ეს სექტორის სიკვდილს გამოიწვევს.