ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქართულმა ბანკმა, „თიბისიმ“ მომხმარებლების გაფრთხილება დაიწყო, იმის თაობაზე, რომ შესაძლოა დახუროს მათი ანგარიშები, თუ გამოვლინდება ტრანზაქცია, რომელიც არღვევს დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ Forbes.ru Tass-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ბანკის მიერ კლიენტებისთვის დაგზავნილ SMS-შეტყობინებაში არის ნათქვამი, რომელიც ჟურნალისტმა ალექსანდრა კრასნოვმაც მიიღო.
„ბანკი მომხმარებელს უგზავნის ტექსტურ შეტყობინებას, რომ თუ აღმოაჩენს ტრანზაქციას, რომელიც არღვევს სანქციებს, იტოვებს უფლებას დახუროს კლიენტის ანგარიშები წინასწარი შეტყობინების გარეშე. არ არსებობს დეტალები იმის შესახებ, თუ რა მოუვა ფულს, რომელიც არის ანგარიშზე“, - წერს ჟურნალისტი ტელეგრამის არხზე.
TASS-ის ციტირებულ განმარტებაში ნათქვამია, რომ „სანქციები ვრცელდება როგორც აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან გარკვეული პროდუქციის პირდაპირ ან არაპირდაპირ ექსპორტზე რუსეთში, ასევე საქონლის ექსპორტზე რუსეთიდან აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და ევროკავშირში“.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში, საქართველოს უმსხვილესი ბანკის, საქართველოს ბანკის რუსმა კლიენტებმა დაიწყეს შეტყობინებების მიღება „ბანკის შიდა პოლიტიკის“ გამო ანგარიშის დაბლოკვის შესახებ.