„ავტომობილების იმპორტში დაახლოებით 94%-იანი ზრდა გვაქვს, ხოლო რეექსპორტის მიმართულებით 267%-იანი ზრდა ფიქსირდება“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ალექსი ნონიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით ექსპორტის მიმართულებით ზრდა შეინიშნება, მიმდინარე წლის წინა თვეებთან შედარებით ექსპორტი შემცირებულია, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბაზარი გაჯერებულია და შემოსულია დიდი რაოდენობით ავტომობილები.

„აქედან გამომდინარე ეს საკითხი ავტოიმპორტიორებისთვის პრობლემურია და ისინი იძულებულები არიან, რომ  ავტომობილები თვითღირებულებით, ან თვითღირებულებაზე იაფადაც კი გაყიდონ. აქედან გამომდინარე მივიღეთ ის, რომ ზრდის ტემპები შენელდა.

ჩვენი ბაზარზე წლიური მოთხოვნა 100 000 ერთეულს შეადგენს, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ სრულ  სურათს მხოლოდ ღირებულებით გამოხატულებაში ვერ ვხედავთ, საჭიროა გაყიდული  ავტომობილების რაოდენობრივადაც შეფასება. ჯერჯერობით დადებითი ან უარყოფითი ტენდენცია არ შეინიშნება, მაგრამ საერთაშორისო ექსპორტის მიმართულებით დაწინაურდა აზერბაიჯანი, შემდეგ მოდის ყაზახეთი, სომხეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი და უკრაინა.“ - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.

ნონიაძის განმარტებით ეს რეიტინგი დალაგებულია გაყიდული ავტომობილების რაოდენობით და არა ფასით. მისივე თქმით ყირგიზეთში გაყიდულია 236 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილი,  რომელიც მეორე ადგილზეა და უსწრებს ყაზახეთი და სომხეთს.

კითხვაზე თუ რამდენად შეიძლება, რომ ყირგიზეთიდან ავტომობილების  რუსეთისკენ  გადინება მოხდეს, ნონიაძე პასუხობს, რომ ეს დასაშვებია, თუმცა იმის დადგენა თუ რამდენი ავტომობილი ხვდება ყირგიზეთიდან რუსეთში რთულია.

„არ უნდა გამოვრიცხოთ ისიც, რომ ამ სანქციებამდე ყირგიზეთში და ცენტრალური აზიის  ქვეყნებში რუსეთიდან შედიოდა ავტომობილები, რადგან ყველა მწარმოებელი საქმიანობდა რუსეთის ტერიტორიაზეც. შესაძლებელია, რომ ნაწილობრივ აქედანაც გადის ავტომობილები და შემდეგ ხვდება რუსეთში, ნაწილობრივ ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ არა რუსეთის გავლით, არამედ საქართველოს გავლით ხვდება როგორც ამერიკის, ასევე აზიის  და  ევროპის ნებისმიერ  ქვეყანაში.“ - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.