ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების ნაწილი სახელმწიფო შესყიდვებში “შავი სიის” მექანიზმის გამკაცრებას დადებითად აფასებს.
როგორც BMG-სთან "კავკასუს როუდ პროჯექტის" მმართველი პარტნიორი აცხადებს, ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიები ტენდერის მოგების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვებში არარეალურად დაბალი ფასებით შედიან, შემდეგ კი აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ.
პაატა ტრაპაიძე ამბობს, რომ ინიციირებულმა ცვლილებებმა მათ შორის ასეთი შემთხვევებიც უნდა დააზღვიოს. თუმცა მისივე თქმით, ასევე უნდა გადაიხედოს თავად სისტემა, თუ რის საფუძველზე ხვდებიან კომპანიები შავ სიაში. მისი თქმით, ვიდრე კომპანიას აღნიშნულ სიაში შეიყვანენ, აუცილებელია, შესაბამისი საკითხი ამ მიმართულებით სპეციალიზებულმა დავების საბჭომ განიხილოს.
“მე კიდევ უფრო გავამკაცრებდი [შავი სიის მექანიზმს]. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დადგეს საკითხი, “პირამიდას” ვინ თამაშობს, პასუხისმგებლობა ხომ უნდა იგრძნოს ყველამ? კომპანია, რომელიც [ტენდერში] დაბალ ფასს დებს და შემდეგ იმის იმედზეა, რომ [კიდევ სხვა ტენდერს] მოიგებს და იმით დააკომპენსირებს, ეს ხომ არ არის რეალურთან ახლო მყოფი ბიზნესი. გამკაცრება იმიტომ არის აუცილებელი, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდოს თითოეული კომპანია აღებულ ვალდებულებას. რომ ქვეყანამ არ მიიღოს ზარალი, იმიტომ რომ ნებისმიერი გაჭიანურებული პროექტი არის ქვეყნისთვის ზარალი. ვალდებულება აქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ვალდებულება აქვს კონტრაქტორსაც.
უბრალოდ, მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს თანაბარუფლებიანი ხელშეკრულება, რომ ორივე მხარე იყოს თანაბარ პირობებში. ერთადერთი საკითხია, ვინ განსაზღვრავს, ვისი ბრალეულობის გამო მოხდა ამ კონტრაქტის გაჩერება თუ დაუმთავრებლობა. ამისთვის მე აუცილებლად ვფიქრობ, რომ უნდა იყოს [განხილვა] დავების საბჭოს შიგნით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სადაც კომპეტენტური ადამიანები განსაზღვრავენ და არა სასამართლო. იმიტომ რომ სასამართლო, მოსამართლე არ არის კომპეტენტური ჩვენს საქმეში. საერთოდ მსოფლიოში ასეთი საკითხები დავების საბჭოში იხილება, რის გამო მოხდა [სამუშაოების] არასათანადო შესრულება. უნდა ვიყოთ სამართლიანები, შავ სიაში სანამ მოხვდება ადამიანი, მანამდე უნდა გაირჩეს ეს საკითხი დავების საბჭოში. ახლა [ეს საკითხი] სასამართლოში ირჩევა და სასამართლო გრძელდება წლობით.
რატომ არ შესრულდა ეს პროექტი სათანადოდ, ეს უნდა დაადგინოს ვიღაცამ. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ორივე მხარეს ჰქონდეს თანაბარი უფლებები და ეს საკითხი უნდა იყოს განხილული დავების საბჭოზე. დავების საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, რომ სწორია ინფრასტრუქტურის სამინისტრო [შემსყიდველი], მან ყველა პირობა შეუქმნა კონტრაქტორს, მაგრამ კონტრაქტორმა ვერ შეასრულა სათანადოდ აღებული ვალდებულება, ამიტომ მისი ნდობა აღარ შეიძლება და უნდა ჩაწერო შავ სიაში ორი წლით თუ ხუთი წლით”, - განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის მიერ "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების თანახმად, თუ კომპანია ხელშეკრულების მიღების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას ჩაიდენს, მისი „შავ სიაში“ რეგისტრაციის ვადა დღეს არსებული ერთი წლის ნაცვლად ორ წლამდე გაიზრდება. გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა შეეზღუდებათ იმ კომპანიებსაც, რომელთა დამფუძნებლები ან ხელმძღვანელები დაკავშირებული არიან „შავ სიაში“ რეგისტრირებულ პირებთან.