„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის ადგილას მომავალი წლის ზაფხულიდან სავარაუდოდ მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. „კომერსანტის“ ინფორმაციით, კომპლექსში განთავსდება საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც საქართველოში ამ ეტაპზე არ ოპერირებს.
„ვისოლ ჯგუფმა“ პირველი არხის შენობა გასული წლის შემოდგომაზე იყიდა. სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო.
კოსტავას 68-ში მდებარე უძრავი ქონება 33,209 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთისგან შედგება, რომელზედაც 23,649 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები არის განთავსებული.
ქონების საწყისი ღირებულება ₾65 მლნ-ს (დღგ-ს გარეშე) შეადგენდა, ქონება კი ₾65.1 მლნ-ად გაიყიდა. დღგ-ს ჩათვლით ქონების ღირებულება ₾76.7 მლნ-ია, რომლის გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო: 45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში, 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა, 20% - არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა, 7.5% - არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა, 7.5% - არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი შენობა კი თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში განთავსდება, სადაც მშენებლობა 2020 წლის დეკემბერში დაიწყო.