თუ საწარმო ჯერ კიდევ ფურცელზე არსებობს, არ არის დალიკვიდირებული და რაიმე სახის ქონებას ფლობს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური საქმიანობას აღარ აწარმოებს, ფინანსური ანგარიშგება მაინც უნდა წარადგინოს, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსმა იონა კიზირიამ განაცხადა.

რა ეტაპები უნდა გაიარონ ინდ.მეწარმეებმა და საწარმოებმა რეგისტრაციის გაუქმებისთვის, იონა კიზირიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ისაუბრა.

"მეწარმე სუბიექტში არის როგორც სუბიექტური პირი, ანუ ინდ. მეწარმე, ასევე არის საწარმოები - შპს. შესაბამისად მათი რეგისტრაციების გაუქმება განსხვავებულია.

ინდ. მეწარმის სტატუსი გაიცემა საჯარო რეესტრში, თუმცა მათი საქმიანობა შემდგომ საგადასახადო კონტროლის ქვეშ არის. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ფიზიკური პირები, ანუ ინდ. მეწარმეები წყვეტენ საქმიანობას და ამით სრულდება პროცესი. საქმიანობის შეწყვეტა არ ნიშნავს დასრულებას. გარკვეული ნაწილი საჯარო რეესტრს მიმართავს რეგისტრაციას იუქმებს და ინდ. მეწარმის სტატუსი აღარ აქვს, თუმცა ის როგორც  ფიზიკური პირი აღრიცხვაზე, მაინც რჩება. თუ მეწარმეს ჰქონდა მაღაზია და საქონელი გაუყიდველი დარჩა და შემდეგ გაიუქმა რეგისტრაცია, ეს არ ნიშნავს, რომ მათ საგადასახადო ნაწილში კონტროლი აღარ აქვთ. დარჩენილი მარაგები მაინც ექვემდებარებიან კონტროლს, ამიტომ თუ მათ საქმიანობის შეწყვეტის სურვილი აქვთ, საჯარო რეესტრისთვის მიმართვასთან ერთად, უნდა გადახედონ საგადასახადო ვალდებულებებსაც. თუ გაუყიდველი საქონელი ნაშთად აქვთ დარჩენილი, ეს მიწოდებად უნდა აღიარონ და დეკლარაცია ჩააბარონ. გარდა ამისა, თუ მას სალარო აპარატი აქვს, ეს უნდა მოიხსნას აღრიცხვიდან. ამასთან, უნდა გადაიფაროს დავალიანება.

რაც შეეხება საწარმოების რეგისტრაციის გაუქმებას - ეს იწყება ლიკვიდაციის პროცესით, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირდება. საქმიანობის შეწყვეტა არ არის ლიკვიდაცია, რადგან არსებობს გადახდისუნარიანობის კანონი, რომლის ნაწილშიც ეს პროცესი კარგად უნდა იყოს დასრულებული. საწარმოს მფლობელები, რომლებიც წყვეტენ საქმიანობას, თუმცა არ ლიკვიდირდებიან და აქვთ სტატუსი, საიდენტიფიკაციო კოდი და დასახელება, ნიშნავს, რომ ის დღემდე გადასახადის გადამხდელად ფიქსირდება. უბრალოდ ჩვენ შესაძლებელია მივანიჭოთ არააქტიური სტატუსი, თუმცა ეს არ აჩერებს მის მიმართ საგადასახადო ვალდებულებებს. შესაბამისად, ყველა უნდა მიჰყვეს პროცესს ნელ-ნელა და ეტაპობრივად", - აცხადებს კიზირია.

bp.ge