საერთაშორისო სათამაშო ბიზნესში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გარიგება შედგეს. „კომერსანტის“ ინფორმაციით, კომპანია SPRIBE პოპულარული ონლაინთამაშის „Aviator“-ის („ავიატორი“) საავტორო უფლებების შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გარიგების განხორციელების შემთხვევაში, სავარაუდოდ, დასრულდება მრავალწლიანი სამართლებრივი დავა, რომელიც SPRIBE-სა და „ავიატორის“ საავტორო უფლებების მფლობელ მხარეს შორის მიმდინარეობს. Aviator ონლაინსათამაშო ინდუსტრიის ერთ-ერთი პოპულარული Crash-თამაშია, რომლის კომერციული წარმატების ფონზე, საავტორო უფლებებთან დაკავშირებულმა დავამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, მოლაპარაკებების მიზანი, მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი დავის საბოლოო მოგვარება და თამაშის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმებით დარეგულირებაა. მოლაპარაკებების ფინანსური პირობები და შესაძლო გარიგების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

„კომერსანტი“ SPRIBE-ს დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

რა ხდება?

საქმე ისაა, რომ შპს „ავიატორი“ ამტკიცებდა, რომ ფლობდა სასაქონლო ნიშნებს - სახელწოდება „Aviator“-სა და მის სტილიზებულ გამოსახულებაზე, მათ შორის აზარტული თამაშებისა და კაზინოს მომსახურებებისთვის. ამავე სახელწოდებასა და გამოსახულებას კომპანია Spribe OÜ თავის პოპულარულ ონლაინ თამაშში იყენებდა, რომელიც საქართველოში აზარტული თამაშების პლატფორმას Adjarabet-ის მეშვეობით იყო ხელმისაწვდომი.

„ავიატორის“ მტკიცებით, Spribe OÜ-მ 2021–2022 წლებში „Aviator“-ის შემცველი სასაქონლო ნიშნები არაკეთილსინდისიერად დაარეგისტრირა და ამით კომპანიის უფლებები დაარღვია.

Spribe ამ ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მისი დიზაინი დამოუკიდებლად შეიქმნა.

2024 წლის 20 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ავიატორის“ სარჩელი დააკმაყოფილა, სადავო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციები გააუქმა და Adjarabet-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 330 მილიონი აშშ დოლარის კომპენსაციის გადახდაც დააკისრა.

2025 წლის 20 მაისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ Spribe OÜ-ის საჩივარი განსახილველად არ მიიღო. შედეგად, ამ გადაწყვეტილებით, საქართველოში Spribe OÜ-ის სადავო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციები ძალადაკარგულად დარჩა და მათი გაუქმების გადაწყვეტილება საბოლოო გახდა. ამავდროულად, Adjarabet-თან დაკავშირებული დავა მხარეებს შორის შეთანხმებით დასრულდა.

რაც ეხება საერთაშორისო დავას, Spribe OÜ-სა და Aviator-ის ბრენდთან დაკავშირებულ კომპანიებს შორის დავა სხვა ქვეყნებშიც გრძელდება.

2026 წლის 1 სექტემბერს მალტის სამოქალაქო სასამართლომ Spribe OÜ-ის მოთხოვნით დროებითი განჩინება გამოსცა. გადაწყვეტილება Aviator Studio-სთან დაკავშირებულ სამ კომპანიას ევროკავშირის ტერიტორიაზე Spribe-ის რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების იდენტური ან მსგავსი ნიშნების გამოყენებას უკრძალავს.

ამასთან, დიდ ბრიტანეთში Spribe OÜ-სა და Aviator-ის მხარეს შორის ცალკე სამართლებრივი დავა მიმდინარეობს, რომელიც, მათ შორის, თამაშის ვიზუალურ იდენტობასა და საავტორო უფლებებს ეხება.