კახეთში მდებარე სასტუმრო „შატო მერე“ იყიდება, ინფორმაციას უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პორტალი dazhomes.com ავრცელებს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „შატო მერეს“ 49%-ის მფლობელი ბიზნესმენი გიორგი პირადაშვილია, ხოლო 51%-ს რუსეთის მოქალაქე იგორ ანდრონოვი ფლობს.

როგორც რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენი გიორგი პირადაშვილი მედიასთან საუბრისას აცხადებდა, თავის პარტნიორებთან ერთად ახორციელებს სასტუმროების მშენებლობას, ბრენდების შექმნას და შემდეგს ხდება გასხვისება. მაგალითად პირადაშვილმა სასტუმრო „როიალ ბატონი“ მოიყვანა, რომელიც შექმნა, განავითარა და შემდეგ გაასხვისა, თუმცა „შატო მერეს“ გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუჟღერებია.

„შატო მერე“ კომპლექსში შედის ორმოცდაოთხი სასტუმრო ნომერი, სამი რესტორანი, ორი ღია აუზი, საკონფერენციო დარბაზი და ღვინის მარანი.

„შატო მერეს“ გასხვისების მიზეზების, ღირებულების თუ სხვა დეტალების გარკვევას „კომერსანტი“ სასტუმროს წარმომადგენლებთან ცდილობს, რომელსაც მკითხველს მიღებისთანავე გავაცნობთ.