მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, საპარტნიორო ფონდის რეფორმირება იწყება. მთავრობის ინიციატივით და ეკონომიკის სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტი უკვე პარლამენტშია და მისი განხილვა მიმდინარეობს.

რეფორმირების შემდეგ „საპარტნიორო ფონდს“ სახელი შეეცვლება და „საქართველოს განვითარების ფონდი“ დაერქმევა. სახელწოდების გარდა იცვლება და მკაცრდება პროექტების თანადაფინანსების კრიტერიუმები, გარდა ამისა ფონდის დაფინანსების წყარო არ იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი.

პარლამენტში მოსმენაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ჯორბენაძემ აღნიშნა, რომ ფონდის დაფინანსების წყარო საკუთარი პროექტებიდან მიღებული შემოსავლები და ფინანსური ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრები იქნება.

„იმედი მაქვს პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს და ამის შემდეგ 90 დღის გარდამავალი პერიოდი იქნება, როდესაც მოხდება ახალი სახით ფონდის მოწყობა. ამის შემდეგ გადაწყდება რიგი საკითხები.

კანონი უშვებს, რომ ადგილობრივი ინვესტორებისგანაც გვქონდეს დაფინანსების მოძიების საშუალება და უცხოელებისგანაც”- განაცხადა ვახტანგ ჯორბენაძემ.