რუსულმა მულტიკატეგორიულმა პლატფორმა Wildberries-მა საქართველოში გაყიდვები დაიწყო, რაც ქართული პარტნიორი კომპანიის ფრენჩაიზით განხორციელდება.
Interfax-ი Wildberries-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქართველ მომხმარებელს ექნება წვდომა პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე, რაც მოიცავს 8 მილიონზე მეტ პროდუქტს სხვადასხვა კატეგორიებში.
პირველ ეტაპზე ფრენჩაიზი მიწოდებას თბილისში, შეკვეთების გამცემ პუნქტში განახორციელებს. მიწოდების დრო, დაახლოებით, 7 დღე იქნება. კომპანია, ასევე, საკურიერო მომსახურების ჩაშვებას განიხილავს.
კომპანია Wildberries&Russ ამჟამად მუშაობს: რუსეთში, სომხეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთსა და ჩინეთში.
კომპანიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ქართული ფრენჩაიზი შპს „ტრანსკომ გრუპია“. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით კი შპს „ტრანსკომ გრუპ“-ის 100%-იანი წილი დიანა ზვამბაიას ეკუთვნის.
ცნობისთვის, Wildberries-ის დამფუძნებელი და მმართველი, ტატიანა ბაკალჩუკი 2022 წლის ოქტომბერში უკრაინამ სანქცირებული 256 რუსი ბიზნესმენისა და მათი ოჯახის წევრების სიაში შეიყვანა.