საკონდიტრო მაღაზია-საცხობების ფინანსური მაჩვენებლები FinSpot-მა 6 კომპანიის მაგალითზე გაანალიზა, რაც იძლევა წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ მუშაობს ამ ტიპის ბიზნესი საქართველოში. 

გთავაზობთ შემდეგი კომპანიების ფინანსურ მიმოხილვას:

შპს "არბო 2009" (მადარტი • Madart)

შპს "FOOD 7" (Tortini • ტორტინი)

შპს "ასორტი-ვერე" (Assorti • ასორტი)

შპს "კონდი" (საკონდიტრო ბელა • Patisserie Bela)

შპს "დოლჩე ვიტა" (დოლჩე ვიტა ''Dolce Vita 88")

შპს "გურმე" (გურმე • Gourmet)

FinSpot-ის მიხედვით, კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკონდიტრო ნაწარმის წარმოება და რეალიზაცია საკუთარი მაღაზიათა ქსელების მეშვეობით. 

აღმოჩნდა, რომ საკონდიტრო ბაზარზე მადარტი . Madart უპირობო ლიდერია, დანარჩენი საკონდიტრო ქსელები კი მსხვილ კონკურენტთან შედარებით გაცილებით მცირე ზომის არიან.

წარმოდგენილი კომპანიების უმეტესობას, სექტორის გათვალისწინებით, საკმაოდ ჯანსაღი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვთ: კომპანიების საოპერაციო მოგების მარჟა საშუალო შეწონილით 13%-ია, ამონაგები აქტივებზე (ROAA) კი 27%.

ბოლო წლებში ყველა კომპანიას, "ასორტის" გარდა, საკმარისი ფულადი ნაკადები ჰქონდა დივიდენდების გასაცემად.

FinSpot-ს კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შესწავლილი აქვს 2023 წლის მონაცემები:

მადარტი • Madart ყველაზე მაღალშემოსავლიანი და, ამავდროულად, ერთ-ერთი სწრაფად მზარდი და მაღალი ლიკვიდურობის მქონე საკონდიტრო მაღაზია-საცხობია საქართველოში. 2023 წელს კომპანიის შემოსავლებმა ₾55 მილიონი შეადგინა, რაც 2-ჯერ და მეტჯერ აღემატებოდა 2019 წლის ბრუნვას.

დანარჩენ 5 წარმოდგენილ კომპანიას შედარებით მცირე მოცულობის ბრუნვა აქვს, თუმცა ზრდის ტემპი ამ შემთხვევაშიც საკმაოდ მაღალია.

Tortini • ტორტინი, Assorti • ასორტი და საკონდიტრო ბელა • Patisserie Bela-ს ₾11-₾13 მილიონის ფარგლებში აქვთ წლიური ბრუნვა, დოლჩე ვიტა ''Dolce Vita 88"-ს ₾7 მილიონი, გურმე • Gourmet-ს კი ₾6 მილიონამდე. - შემოსავლების ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი Tortini • ტორტინი-ს აქვს, რაც ძირითადად ახალი ფილიალების დამატების ხარჯზე მოხდა. ამ ეტაპისთვის "ტორტინის" ქსელი 31 ფილიალს აერთიანებს, სულ რაღაც 2021 წლის ბოლოს კი მხოლოდ 14 ფილიალით ოპერირებდა.

FinSpot-ის თანახმად, საცხობების საერთო მოგების მარჟები (gross profit margin) და საოპერაციო ხარჯების წილი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და არ არის შესადარისი, რასაც თავისი ახსნა აქვს: კომპანიების უმეტესობის რეპორტინგის ხარისხი საკმაოდ დაბალია და თვითღირებულებისა და საოპერაციო ხარჯები ბუნდოვნად არის გადანაწილებული.

თვითღირებულების და საოპერაციო ხარჯების ჩაშლა ყველაზე კარგად "მადარტს" და "ბელას" აქვთ, დანარჩენის შემთხვევაში კი გაუკრვეველია პირდაპირი ხელფასის ან ზედნადები ხარჯები თუ შედის თვითღირებულების ხარჯებში. "ასორტს" კი საერთოდ არ აქვს თვითღირებულების ხარჯები გამოყოფილი და ყველაფერი საოპერაციო ხარჯად აქვს აღიარებული. ამიტომ, FinSpot-ი საერთო მოგების მარჟებისა და საოპერაციო ხარჯების წილის გასაცნობად, აანალიზებს "მადარტს" და "ბელას":

"მადარტის" და "ბელას" საერთო მოგების მარჟები 39% და 42% შეადგენს, შესაბამისად. 2019 წელს ორივე კომპანიის შემთხვევაში საერთო მოგების მარჟები 34% შეადგენდა. კომპანიებმა მარჟების ზრდა ფასების დაკორექტირებით მოახერხეს, რამაც გაანეიტრალა ბოლო წლებში ნედლეულზე ფასების ზრდა.

საოპერაციო ხარჯების უდიდესი ნაწილი მოდის ხელფასებზე. "მადარტის" და "ბელას" საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში 28% და 21%, შესაბამისად. საოპერაციო მოგების მარჟები შესადარისია წარმოდგენილ კომპანიებს შორის და საშუალო შეწონილით 13%-ზე მეტს შეადგენს, რაც, სექტორის გათვალისწინებით, ჯანსაღად გამოიყურება.

ყველაზე მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები Tortini • ტორტინი-ის აქვს, რაც ძირითადად მაღალი საერთო მოგების მარჟით არის განპირობებული.

მომგებიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები კი Assorti • ასორტი-ს აქვს, რომელიც ვერ ახერხებს ხარჯების ეფექტურ მართვას. კომპანია შემოსავლების 35%-ს მხოლოდ ხელფასებში იხდის, შესაბამისად რეინვესტირებისთვის თუ დივიდენდის გასაცემად თანხა არ რჩება. თუმცა, კომპანიის მფლობელი სავარაუდოდ დივიდენდის ნაცვლად ხელფასის სახით იღებს შემოსავალს, რაც ხსნის "ასორტის" ხელფასების ასეთ მაღალ წილს შემოსავლებში.

კომპანიების უმეტესობას მცირე სასესხო ვალდებულება აქვს. შესაბამისად, მაღალი მომგებიანობის და დაბალი ლევერიჯის ფონზე კომპანიები ახერხებენ დივიდენდის გაცემას.

კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2019-23 წლებში კუმულატიურადასე გამოიყურება:

მადარტი • Madart: ₾9.4 მილიონი Tortini • ტორტინი: ₾3.4 მილიონი Assorti • ასორტი: ₾0  საკონდიტრო ბელა • Patisserie Bela: ₾2.5 მილიონი დოლჩე ვიტა ''Dolce Vita 88": ₾1.0 მილიონი (მოიცავს 2024 წელს გაცემულ ₾0.5 მილიონს) გურმე • Gourmet: ₾0.3 მილიონი.

რაც შეეხება, კომპანიების მფლობელების ვინაობას, ესენია:

1️⃣ მადარტი • Madart
💼 კომპანიის მფლობელი:
- დავით ჭრელაშვილი: 100%
2️⃣ Tortini • ტორტინი
💼 კომპანიის მფლობელი:
- მიხეილ ცოგოშვილი: 100%
3️⃣ Assorti • ასორტი
💼 კომპანიის მფლობელი:
- ნატო ცომაია: 100%
4️⃣ საკონდიტრო ბელა • Patisserie Bela
💼 კომპანიის მფლობელები:
- ირაკლი ბოჭორიშვილი: 50%
- ბექა ბოჭორიშვილი: 50%
5️⃣ დოლჩე ვიტა ''Dolce Vita 88"
💼 კომპანიის მფლობელი:
- ქეთევან მერაბიშვილი: 100%
6️⃣ გურმე • Gourmet
💼 კომპანიის მფლობელები:
- ნინო მამულაშვილი: 66.7%
- ლიანა ჭელიძე: 33.3%