პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის მოთხოვნას, მოიხსნას რუსულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი არ იზიარებს ,,ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი. ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება წისქვილკომბინატების გაჩერებას გამოიწვევს, ხოლო ხორბლის მწარმოებლები ხორბალს ვეღარ ჩააბარებენ. საკითხზე განცხადება ლევან სილაგავამ მედიაცენტრ ,,მთავარში“ გააკეთა.
,,საიმპორტო გადასახადის მოხსნა ნიშნავს, რომ წისქვილკომბინატი უნდა გაჩერდეს და სეზონზე ხორბალი ვერ ჩაიბაროს წისქვილკომბინატებმა. ანუ, 2 დარგს პრობლემა ექნება. შესაბამისად, საჭიროა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, სადაც სამივე დარგის ინტერესი გათვალისწინებული იქნება. 2021 წლიდან 2 წლის განმავლობაში, ფაქტიურად აგრესიულად შემოდიოდა რუსული ფქვილი ქვეყანაში და შესაბამისად ამან გამოიწვია ის, რომ წისქვილკომბინატები გაჩერდა და მეხორბლეებმა ხორბალი ვერ ჩააბარეს. შესაბამისად წისქვილკომბინატების გაჩერება და ხორბლის არ ჩაბარება გამოიწვევს ზუსტად იგივე პროცესებს, რაც შარშან იყო და შესაბამისად თავიდან შევდივართ იმ სიტუაციაში, რომლიდანაც ასე თუ ისე გამოვედით. შეიძლება მოძებნა გარკვეული შეხების წერტილების, რომ დარეგულირდეს ეს სიტუაცია.’’- განაცხადა ლევან სილაგავამ.
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი პურზე სტაბილური ფასის შესანარჩუნებლად ალტერნატიულ ინიციატივას ასახელებს. მისი განმარტებით, დაწესებული საიმპორტო გადასახადიდან ბიუჯეტში მობილიზებულია 50 მილიონი ლარი, რომლის გამოყენებაც პურის სუბსიდირებისთვის შესაძლებელია.
,,ამ გადასახადის შემოღების შემდეგ ქვეყანაში აკუმულირებული იქნა 50 მილიონამდე ლარი, რომელიც ადრე არ არსებობდა. რომ ავხსნათ, შემოდის ფქვილი. მას ამ გადასახადის შედეგად ბიუჯეტში შეაქვს თანხები. ეს არის 250 ლარი ერთ ტონა ფქვილზე. ამ გადასახადებით წლინახევრის განმავლობაში, რაც შემოვიდა ეს მექანიზმი, დაგროვილია 50 მილიონი ლარი. ეს არ არის ის ფული, რომელიც გადასახადების გადამხდელების ფულია. ეს არის მოსაკრებლის ფული. ამ თანხას შეიძლება დავარქვათ ე.წ. სტაბილიზაციის ფონდი. იმ შემთხვევაში თუ ასეთი კრიტიკული სიტუაცია შეიქმნებოდა, როგორიც დღეს შეიქმნა პურთან დაკავშირებით ამ სტაბილიზაციის ფონდიდან ამ 50 მილიონის გამოყენება შეიძლება იმისათვის, რომ დასტაბილურდეს პურზე ფასი. ჩვენი სქემა დაახლოებით ასეთია (ამაზე შეიძლება მუშაობა) დღეს დღეობით სოციალური პურის გამოსაცხობად სტანდარტულად ქვეყანას სჭირდება 7 ათასი ტონა ფქვილი იმისათვის, რომ გამოაცხოს პირველი ხარისხის პური. შესაბამისად, 7 ათასი ტონის გამოცხობას თვეში, თუ ჩვენ კლასიკურად განვიხილავთ რომ 10 თეთრიანი სუბსიდირება მივცეთ ერთ ცალ პურზე ქარხნებს, ნიშნავს, რომ ამას სჭირდება დაახლოებით 2 მილიონი ლარი. (ეს დათვლილია და ჩვენ შეგვიძლია ეს სქემა წარმოვადგინოთ.) თვეში 2 მილიონი ლარი 50 მილიონი ლარიდან ეს ნიშნავს, რომ პერმანენტულად ამ მექანიზმმა, რომ იმუშაოს 2,5 წელს ყოფნის. ჩვენი ალტერნატიული წინადადება ამ შემთხვევაში არის, რომ ამ სტაბილიზაციის ფონდიდან გამოყენებული იყოს თითოეულ პურზე 10 თეთრიანი კომპენსაცია. ეს არის ალტერნატივა იმისი, რომ ვთქვათ მთლიანად გაჩერდეს წისქვილკომბინატები და მთლიანად გაჩერდეს ხორბლის ჩაბარება ამის საპირწონედ. გვესმის მეპურეების თემა, მაგრამ მექანიკურად ერთ დარგთან მიმართებაში ასეთი გადაწყვეტილების მიღება იწვევს სხვა ორი დარგის პრობლემების შექმნას, გაჩერებამდე მისვლასაც კი. ‘’- განაცხადა ლევან სილაგავამ.
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა საიმპორტო გადასახადის დაწესების მიზეზებიც განმარტა. ლევან სილაგავას განცხადებით, გადასახადი ბაზარზე კონკურენტული გარემოს შესანარჩუნებლად შემოიღეს.
,,საიმპორტო გადასახადი შემოვიდა იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის მხრიდან დარღვეული იქნა კონკურენციის პირობები. იმის საპირწონედ შემოვიდა ეს გადასახადი, რომ კონკურენციის პირობები დაბრუნებულიყო ბაზარზე. დღესაც ეს კონკურენციის პირობები შენარჩუნებულია და დღეს მუშაობს როგორც ხორბლის წარმოება, ასევე წისქვილკომბინატები, ასევე პურის წარმოება.’’- განმარტა ლევან სილაგავამ.