2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველომ ფეხბურთში 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უნდა უმასპინძლოს. ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, მისი თქმით, 10 სპორტული ობიექტის რეაბილიტაციაზე სახელმწიფომ 115 მილიონი ლარი დახარჯა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის (დინამოს) სტადიონზე, მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის ცენტრალურ და სათადარიგო სტადიონზე, დავით პეტრიაშვილის და ბასას სახელობის სტადიონებზე. ასევე, ახალი საფეხბურთო სტადიონები აშენდა ბათუმში, ქობულეთში და წყალტუბოში.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენად მზად ხვდება ქუთაისი უეფას 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს და აქვთ თუ არა ქუთაისში მდებარე სასტუმროებს წინასწარი ჯავშნები და „ინნ ჯგუფის“ დირექტორს ერეკლე კოკაიას დაუკავშირდა.
მისი თქმით ქუთაისში აღნიშნული ღონისძიებისთვის სასტუმრო სექტორმა მზადება ერთი წლით ადრე დაიწყო და მათ შორის ერთ-ერთი „ქუთაისი ინნ“-ია, რომელიც უცხოელი ტურისტებისგან ჯავშნებს უკვე იღებს.
„ჩვენი სასტუმროს მიხედვით, ქუთაისში დატვირთულობა საკმაოდ მაღალია, დამსვენებლები არიან კერძო კომპანიებიდანაც, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან გვყავს ინდივიდუალური დამსვენებელიც. ქუთაისში სასტუმრო სექტორის განვითარებას აეროპორტის არსებობა ძალიან უწყობს ხელს და ძალიან ბევრი დამსვენებელი აეროპორტში ჩამოსვლის შემდეგ ჩვენ სასტუმროში რჩება,“ - აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.