აღსრულების ეროვნული ბიურო მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებში (ქირავნობა; ნასყიდობა და სხვა) სახელშეკრულებო რისკებისგან უნდა დაიცვას. ინიციატივის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების) რეგისტრაცია. მისი სავალდებულო პირობა იქნება მხარეთა შეთანხმება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლოს გარეშე, გამოსცემს აქტებს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების ან/და უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციაში აცხადებენ, რომ ახალი ინიციატივის შესახებ ასოციაციაში არ იცოდნენ და ბიზნესგაერთიანება კანონპროექტის შემუშავების პროცესში ჩართულობას ითხოვს.
ასოციაციის იურისტი bm.ge-სთან საუბარში მიესალმება მესაკუთრეთა უფლებების დაცვის მექანიზმის ამ სახით ამოქმედებას და განმარტავს, რომ ინიციატივის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილება მხოლოდ იმ შეთანხმებებზე გავრცელდება, რომელიც ბიუროში ორივე მხარის თანხმობით დარეგისტრირდება.
„შემოსავლების სამსახურში არსებობს ბინის გამქირავებელთა რეესტრი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბინას ვაქირავებ და ამ რეესტრში ვრეგისტრირდები, გადავიხდი 5%-ს. სავარაუდოდ, გაკეთდება ასეთივე რეესტრი, რომელშიც ბინის გამქირავებელი და დამქირავებელი შეთანხმებას ატვირთავენ, სადაც ეწერება, რომ მესაკუთრე და დამქირავებელი თანხმდებიან, რომ პირობების დარღვევის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო მათ ბინიდან გამოასახლებს. აქ განსხვავება ის არის, რომ ხელშეკრულებაც უნდა იყოს ატვირთული და მეორე მხარე უნდა ადასტურებდეს ამ შეთანხმებას. ეს ფორმა საპოლიციო გამოსახლების ფორმისგან აბსოლუტურად განსხვავებულია და ვიწრო წრეზეა გათვლილი. პრევენციულად ამ ინიციატივას ძალიან კარგი ეფექტი ექნება, შეიძლება მიმართვიანობის დონე არ გაიზარდოს, თუმცა პრობლემები შემცირდება“, - განმარტავს კაჭკაჭიშვილი.
bm.ge