გლდანი-მუხიანის ტერიტორიაზე მდებარე მულტიფუნქციური სივრცის, "რადიო ქალაქი" პირველი ეტაპი ოქტომბრის ბოლოს დასრულდა. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანია „აჭარა ჯგუფის“ წარმომადგენელმა განაცხადა.
რადიო ქალაქი აჭარა კოლექტივის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია და ის 12 ჰა-ზეა განთავსებული. პროექტის მიზანი, ურბანულ გარემოში მულტიფუნქციური, დინამიკური და ინოვაციური სივრცის მოწყობაა. სივრცე სრულად ადგილობრივი საჭიროებების მიხედვითაა შექმნილი. ამასთან, ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ თბილისის უდიდეს უბანში შექმნილიყო უნიკალური მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობდა სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს შორის კავშირების შექმნას და ცოდნის მიმოცვლას.
კომპანიის ცნობით, პირველ ეტაპზე, "რადიო ქალაქში" სამუშაო სივრცე, რესტორანი, საღონისძიებო სივრცე და პადელის კორტები მოეწყო და მისით სარგებლობა უკვე შესაძლებელია. ამის შემდეგ, პროექტი კიდევ ორ ეტაპად უნდა განვითარდეს, რომელიც სავარაუდოდ მომავალ წელს დასრულდება.
„აჭარა ჯგუფი“ განმარტავს, რომ ტერიტორია კომპანიამ მერიისგან, აუქციონის მეშვეობით 23 მლნ ლარზე მეტი ინვესტიციით შეიძინა. ხოლო, მთლიანი პროექტის ჯამური ღირებულება 90 მლნ დოლარამდეა.
„სივრცე ჯამში 12 ჰა-ზეა განთავსებული. ამიტომ ვითარდება რამდენიმე ეტაპად. შემდეგი ფაზის განვითარებას 2025 წლის ბოლოს ვფიქრობთ. ტერიტორია ინოვაციური და მულტიფუნქციური სივრცის მოწყობას ითვალისწინებს. "რადიო ქალაქი" სარეკრეაციო, სამუშაო, საკონცერტო, საგამოფენო და გამაჯანსაღებელ სივრცეებს გააერთიანებს. აქვე მოეწყობა D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე, საწარმოო და სახელოსნო ადგილები, რესტორნები, ბარები, სკეიტპარკი და სპორტული კორტები.
როგორც სტამბას შემთხვევაშია, აქაც მთავარი აქცენტი არის ის, რომ მოხდეს კოლაბორაცია, ასევე სხვადასხვა დარგის პროფესიონალები გადაიკვეთონ, ეს იქნება სტარტაპები, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები და ა.შ.“,- აცხადებენ „აჭარა ჯგუფში“.
ამ ეტაპზე "რადიო ქალაქში "დასაქმებულია 45 ადამიანი. რესტორანს შესაძლებლობა აქვს, უმასპინძლოს 100-მდე სტუმარს. ოფისებისა და სამუშაო სივრცეების ტევადობა 150 ადამიანია და ეს ციფრი წლის განმავლობაში გაიზრდება. საკონფერენციო/ საღონისძიებო სივრცე 100 ადამიანზეა გათვლილი, ასევე რადიო ქალაქის ტერიტორიაზე არის საღონისძიებო ადგილი, რომლის ტევადობა 8 000-დან 10 000 ადამიანამდეა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგად, პროექტის საბოლოოდ დასრულების შემდეგ, სივრცე გააერთიანებს 10-ზე მეტ ინდუსტრიას, 35-ზე მეტ სექტორს და 200-ზე მეტ ეკონომიკურ საქმიანობის წამოწყებას ხელს შეუწყობს.
წყარო: bm.ge