„თუკი ამ თაღლითურ სქემებს ხელისუფლება მფარველობდა, მაშინ ისმის კითხვა - "რატომ ხურავენ სწორედ ისინი ამ ორგანიზაციებს?". - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით ის ვერც სხვადასხვა ვერსიის განხილვაში შევა, თუ ვის ეკუთვნოდა ესა თუ ის უკანონო კომპანია, რადგანაც ამაზე განცხადებების გაკეთება გამოძიების და ფინანსური პოლიციის პრეროგატივას წარმოადგენს.
“რა კავშირებია ამ "ქოლცენტრებთან" დაკავშირებით, მე ამის განხილვაში ვერ შევალ. დაველოდოთ გამოძიებას და ალბათ ფინანსური პოლიცია გააკეთებს განცხადებას. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნამდვილად აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ფინანსური პოლიცია, შსს და სხვა უწყებები ვმუშაობთ, რათა დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში ასეთმა ბიზნესმა. ჩვენ თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუა, მაშინ გიჟები ვართ? რატომ ვკეტავთ? ჩვენი თუა არ დავხურავდით. გეტყვით, რომ ჩვენ ვააშკარავებთ მათ. დაველოდოთ გამოძიებას,”- განაცხადა გომელაურმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი სავარაუდო ქოლ-ცენტრი დახურა. ორგანიზაცია აღმაშენებლის 75-ში არსებულ საოფისე სივრცეში საქმიანობდა.