ქობულეთში, კომპანია შპს „პეტრა სი რეზორტი“ აბაშიძის ქუჩაზე, ზღვის სანაპიროსთან, 53 და 23-30-სართულიანი აპარტოტელების აშენებას გეგმავს.

ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ კომპანია „შავი ზღვის სამოთხე 1-მა“, რომელმაც ერთი თვის წინ სახელი შეიცვალა და შპს „პეტრა სი რეზორტ“ გახდა, ქობულეთში მიწის ნაკვეთი 26 მილიონ 695 736 ლარად იყიდა, 40 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით. ნაყიდი მიწის ნაკვეთის გასწვრივ, 45-წლიანი იჯარით მიიღო ასევე პლაჟი, სულ 45 306 კვ.მეტრი, პლაჟით სარგებლობის წლიური საფასური კი 215 031 ლარია.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე წლის 2 მაისს წარდგენილი შპს „პეტრა სი რეზორტი“-ის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის განაშენიანების გეგმის კონცეფციის მიხედვით, პროექტი დაყოფილია რამდენიმე განსხვავებული ტიპის შენობებად და ჯგუფებად, რომელშიც „დომინანტს წარმოადგენს სანაპირო ზოლთან დაგეგმილი 53-სართულიანი აპარტოტელი. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება 23-30-სართულიანი ხუთი აპარტოტელის ტიპის შენობა. შუა ნაწილი სანაპირო ზოლზე დაეთმობა ბრენდულ, 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, რომლის სართულიანობა შეადგენს 7-8 სართულს“.

შპს „პეტრა სი რეზორტი“ 2022 წლის 21 ივლისს დააფუძნეს. კომპანიის 35%-ს საქართველოს ზეთისხილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი სვანიძე ფლობს, 35%-ს მარინა სირაძე, 15 %-ს ბიზნესმენი დავით თოფურიძე, ხოლო დარჩენილ 15%-სარაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქე ალხუნაიზი ტაისიერ ბაქირი.