ქართული ღვინის მცირე მწარმოებლებისთვის პროდუქციის შიდა ბაზარზე რეალიზაციის ახალი სერტიფიცირების წესი დამატებით ხარჯებთან და ადმინისტრაციულ სირთულეებთან არის დაკავშირებული,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ღვინის მარნის „ფაფარი ველის“ დამფუძნებელმა ნუკრი ქურდაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედებული 10-ლარიანი მოსაკრებელი პროდუქციის თვითღირებულებაზე აისახება. მანამდე საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად განკუთვნილი ღვინის შესაბამისობის სერტიფიკატის აღება უფასო იყო.

ქურდაძის თქმით, მცირე მარნებისთვის დამატებით პრობლემას ქმნის ისიც, რომ სერტიფიკატის აღება პროდუქციის თითოეულ მიწოდებას უკავშირდება. მწარმოებელმა შესაბამისი განაცხადი ღვინის ეროვნული სააგენტოს პორტალზე უნდა წარადგინოს და პროდუქციის მიწოდების შესახებ ინფორმაცია მიუთითოს.

როგორც მეღვინე განმარტავს, განსაკუთრებით რთული ეს პროცესი მცირე მწარმოებლებისთვისაა, რომლებსაც საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი და შესაბამისი პერსონალი არ ჰყავთ.

მისი თქმით, ერთი და იმავე სერტიფიკატის გამოყენება რამდენიმე სავაჭრო ობიექტისთვის შესაძლებელია, თუმცა ამისთვის მათ ერთსა და იმავე დღეს უნდა ჰქონდეთ შეკვეთა, რაც მცირე მარნების შემთხვევაში ხშირი პრაქტიკა არ არის.

ქურდაძე მიიჩნევს, რომ ახალი მოთხოვნები ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის ხარჯების ზრდას გამოიწვევს. მისი შეფასებით, სერტიფიცირების საფასურს ემატება სხვა ადმინისტრაციული და ლოგისტიკური ხარჯებიც, რაც საბოლოოდ პროდუქციის თვითღირებულებაზე აისახება.

„ფაფარი ველის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ არსებული რეგულაციის პირობებში ქართული ღვინის წარმოება მისთვის თანდათან ნაკლებად მომგებიანი ხდება და ამის გამო წარმოების შემცირებასაც განიხილავს.

„ხარჯები ერთმანეთს რომ ემატება, ქართული ღვინო თვითღირებულებით ფრანგულზე ძვირი გამოდის“, – აცხადებს ნუკრი ქურდაძე "ბიზნესპრესნიუსთან".

მისი შეფასებით, ახალი წესის მთავარი პრობლემა მხოლოდ 10-ლარიანი გადასახადი არ არის და მეღვინეებს დამატებით ბიუროკრატიულ პროცედურებთან გამკლავებაც უწევთ.

ცნობისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი ტარიფები 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა. ცვლილების შედეგად, საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინის შესაბამისობის სერტიფიკატის საფასური 10 ლარით განისაზღვრა.

წყარო: BPN.ge