საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი“ საქმიანობას ახალი სახელით — „საქართველოს სპორტის განვითარების ფონდი“ გააგრძელებს. ორგანიზაციის დაფინანსების მიმართულება ფეხბურთის მიღმაც გაფართოვდება და სხვა სათამაშო სპორტის სახეობებში მონაწილე კლუბებსა და შესაბამის სუბიექტებსაც მოიცავს.

ცვლილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებით დამტკიცდა. დოკუმენტის მიხედვით, დასაფინანსებელ სპორტის სახეობებს სპორტის სამინისტრო განსაზღვრავს, ხოლო კონკრეტული კლუბებისა და ორგანიზაციების შერჩევას ფონდი შესაბამისი ეროვნული ფედერაციების წარდგინების საფუძველზე განახორციელებს.

ახალი რეგულაციით, ფონდისგან დაფინანსებული კლუბები მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან დამატებით დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ. გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ ხელისუფლებასთან წინასწარ შეთანხმდება თანადაფინანსების პირობები.

განსაკუთრებული მოთხოვნები განისაზღვრა საკალათბურთო კლუბებისთვისაც. კერძოდ, კლუბი რეგისტრირებული უნდა იყოს და საქმიანობას ეწეოდეს იმ მუნიციპალიტეტში, რომლის სახელითაც შეჯიბრებებში მონაწილეობს. ეს შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება.

ცვლილებების ფარგლებში სრულად განახლდება ფონდის გამგეობაც. მის თავმჯდომარედ სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაინიშნება, მოადგილედ კი — მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი.

გამგეობის შემადგენლობაში ასევე შევლენ სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და სპორტის სამინისტროს რამდენიმე დეპარტამენტისა და იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი.

მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული ცვლილებები ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შევა.