კომპანია NUTSGE საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნება. შესაბამისი განცხადება ბიზნესმა საკუთარ ელექტრონულ გვერდზე გაავრცელა.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირთან თუნდაც დროებითი კავშირის გაწყვეტა თხილის ინდუსტრიას დააზიანებს. ევროკავშირისა და აშშ-ს სტრატეგიული მხარდაჭერის გარეშე, საქართველოს მომავალი მსოფლიო რუკაზე ძალიან ბუნდოვანია.
"კომპანია NUTSGE ემიჯნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას - 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის თუნდაც დროებითი კავშირის გაწყვეტა, ხელს შეუშლის სახელმწიფოს პროდასავლურ განვითარებას, რაც თავის მხრივ დააზიანებს როგორც თხილის ინდუსტრიას, ასევე უკან დახევს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
კომპანია NUTSGE დაარსდა 2012 წელს. დაარსების დღიდან კომპანიაში დანერგილი არის ევრო რეგულაციებით გათვალისწინებული მთელი რიგი სტანდარტები, რაც პირდაპირ პროპორციული გახლავთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობისთვის.
2012 წლიდან დღემდე, ევროკავშირისა და აშშ-ს ინსტიტუციებთან ურთიერთობამ, ლომის წვლილი შეიტანა, რომ ევროპა გამხდარიყო NUTSGE-ის და ზოგადად თხილის ინდუსტრიის ევროკავშირში ინტეგრაციის ლოკომოტივი, თუნდაც ერთი თვით ევროკავშირთან ურთიერთობის შეფერხება თხილის ინდუსტრიას სავალალო შედეგებამდე მიიყვანს, განსაკუთრებით გადამმუშავებელ და ექსპორტიორ კომპანიებს.
სწორედ რომ, ევროკავშირი უზრუნველყოფს საქართველოში ეკონომიკის მდგრადობასა და განვითარებას, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ს სტრატეგიული მხარდაჭერის გარეშე, საქართველოს მომავალი მსოფლიო რუკაზე ძალიან ბუნდოვანია", - ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ათი ღამეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება. აქციის მონაწილეტა ნაწილი ითხოვს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთასორიშო გამოძიებას და ახალ არჩევნებს.
ომბუდსმენის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოებმა აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით შლიან მშვიდობიან აქციას მაშინ, როცა არ არსებობს მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.
ყოველდღე აქციის მსვლელობისას მობილიზებულია სპეცდანიშნულების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მასობრივად აკავებს აქციის მონაწილებს. ჩხრეკენ აქციის მონაწილეების სახლებს, ორგანიზაციებს. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაიცვან ძალოვნების შემოტევისგან.
ტერორის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს და მედიას.
შსს აქციის დასაშლელად იყენებს არაპროპორციულ ძალას.
დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისში, ხაშურში, გორში, საჩხერეში, ახმეტაში.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება. მისივე შეფასებით სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს სათავრეში ჩაუდგება, რადგან ახლა პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჰაერში დაკიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი. მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.
ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებს პროგნოზირებენ ფინანსისტებიც.
უფასურდება ლარი და სპეციალისტები ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას მომავალშიც პროგნოზირებენ, თუ მასზე პოლიტიკური წნეხი არ მოიხსნება.
მთავრობა ეკონომიკურ და ფინანანსურ პრობლემებს არ აღიარებს და ოპტიმისტურადაა განწყობილი.
ნეგატიური მოლოდინები აქვს ექსპორტიორებს.
პოლიტიკური ესკალაციის სწრაფად განმუხტვის გარეშე, კრიზისს პროგნოზირებს ტურიზმის სფეროც და მისი მომიჯნავე სექტორები, ავიაცია, სტუმარ-მასპინძლობა და სხვა.