ნაყინის მწარმოებელი კომპანია "პინგოს" თანადამფუძნებლის დავით გელაშვილის განცხადებით, ნაყინის სექტორში არაჯანსაღი კონკურენციაა.
როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" განმარტა, ქსელური მარკეტების პირობები კონკრეტულ კომპანიებზეა მორგებული და მათთვის აღნიშნული ბაზარი მიუწვდომელია.
"ქსელურ მარკეტებში გაფართოება რთულია. არაჯანსაღი კონკურენციაა. არანაირად არ გვაძლევენ თანაბარი პოზიციაზე მუშაობის საშუალებას. მაღალი "ქეშბექების" გარდა, ისეთი პირობები აქვთ, რომ შესვლის შესაძლებლობა არ გვაქვს.
არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია აღნიშნულის კანონით დარეგულირება, რადგან ეს კერძო სექტორია. თუ რაიმე მოხდება და საკითხი დარეგულირდება, ჩვენ მზად ვართ პირველ პოზიციებზე ბრძოლისთვის, როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი კუთხით.
გასულ წელს ახალი დანადგარიც დავამატეთ და მოთხოვნის ზრდის შესაბამისად, გვაქვს რესურსი, რომ წარმოება უფრო და უფრო გავზარდოთ და ბაზარი მოვამარაგოთ", - აცხადებს დავით გელაშვილი.
მისივე ინფორმაციით, კომპანია მიმდინარე წელს გაფართოვდა, მათი მაცივრები სხვადასხვა ობიეტში გამოჩნდა, თუმცა არა ქსელურ მარკეტებში.
ცნობისთვის, ნაყინის მწარმოებელი კომპანია "პინგო" ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანიის საწარმო თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. "პინგოს" 40-მდე დასახელების ნაყინის შეძენა როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მარკეტებში არის შესაძლებელი.