ქართული თემატიკის პროდუქციაზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია. ყველაზე მეტი სწორედ საქართველოს დროშით მოხატული საფულეები და ჩანთები იყიდება, თუმცა ასევე, მაღალი მოთხოვნაა ინდივიდუალურ ნახატებზე, - ამის შესახებ ხელნაკეთი აქსესუარების ქართული ბრენდის დამფუძნებელმა ნინო ნინოშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, "მინის" პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად 20%-ით იზრდება. 

'"ჩვენ ვმუშაობთ ხეზე და ეკო ტყავზე. ნედლეულს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ. სახელოსნო დაკომპლექტებულია ხელოსნებით, მხატვრებით და ა.შ. ჩვენი თითოეული პროდუქტი ხელით იხატება და მომხმარებლების კონკრეტულ სურვილებს ერგება. შესაბამისად, ვიღებ ინდივიდუალურ შეკვეთებს და ასევე, მომხმარებლებს ჩვენც ვთავაზობთ გარკვეულ სიახლეებს. 

წელს გაყიდვაში ჩავუშვით უნახატო, სადა ჩანთები, რომელზედაც ძალიან დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა და მომავალში მსგავსი პროდუქციის დამატებას კიდევ ვგეგმავთ. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე დავამატებთ სასაჩუქრე ნაკრებებს", - აცხადებს ნინო ნინოშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ კომპანიის სამომავლო გეგმებში ასევე, შოურუმის გახსნაც შედის, თუმცა აღნიშნულზე ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ არის.

ცნობისთვის, ქართული ბრენდი "მინი" ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა, რომლის სახელოსნო თბილისში მდებარეობს და ამ ეტაპზე ჩანთებსა და საფულეებს აწარმოებს. კომპანია ნინო ნინოშვილმა და ნიკა ჯაშიაშვილმა დააფუძნეს. პროდუქციის შეძენა ამ დროისთვის, მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი. კომპანიას აქვს მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით. 

წყარო: bp.ge